კარლო კაჭარავა, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო
გადამწყვეტი აქ დროით მოტანილი ახალი მოვლენები იყო
კულტურისა და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში - რადიკალური, უმძაფრესი ტეხილები. ეს
იყო არა შიდა ევოლუციური ცვლილებები, არამედ უაღრესად მტკივნეული, ხშირად დამანგრეველი,
მაგრამ არსებითი მნიშვნელობისა, რომელიც მთელი მენტალიტეტის ტრანსფორმაციას, სტრესულობით
სავსე მოვლენებს გულისხმობს. და მთელი სირთულეების მიუხედავად ეს მაინც იყო ძალიან
პოზიტიური მოვლენა, ისტორიის მკაცრი დინამიკის ერთგვარი შემობრუნება, რომელმაც ხშირად
„ფსევდოოპოზიციური“, სოციალური დაცულობის მინიმალიზმით კმაყოფილი „ჰომოსოვიეტიკუსი“
სასტიკად შეანჯღრია.
მხატვრობაში აქ მართლაც ახალი რადიკალური გარღვევა განხორციელდა.
გარკვეულად თვითონ დროით „მოხეთქილმა“ პრობლემებმა განსაზღვრა ის, რომ ამ თაობას ძალიან
მძაფრი, არასანახევრო, არამედ უკიდურესობამდე გაბედული ნაბიჯები უნდა გადაედგა.
მამუკა ცეცხლაძე
ეს ჯგუფი პირველია ამ პერიოდის თბილისის მხატვრულ რეალობაში,
სადაც რამდენიმე მხატვარი ერთი იდეით გაერთიანდა და წინა თაობის მხატვრებისაგან რამდენადმე
განსხვავებული შემოქმედებითი იმპულსი მოიტანა. იწყება ახალი ექსპერმენტები; ეს მძაფრი, ყოველდღიური
სიახლეებით დატვირთული პერიოდია თითოეულის
თუ ჯგუფის ცხოვრებაში, რომელიც სამხატვრო აკადემიაში დამკვიდრებული მეთოდებისგან დამოუკიდებლად
მიმდინარეობს.
“X სართულის“ სახელოსნოში მუშაობის დროს ჩამოყალიბდა
საინტერესო ურთიერთობები კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან, გია ბუღაძესთან, გიორგი მარჯანიშვილთან, ირაკლი ფარჯიანთან
გალერისტ არჩილ დარჩიასთან, მანანა ვადაჩკორიასთან...
ეს კონტაქტები მაშინვე ბევრის მომცემი და მნიშვნელოვანი
იყო.ამ დროიდან ეწყობა მნიშვნელოვანი ჯგუფური გამოფენები:
1985 წელს თელავში მუსიკალური ფესტივალის დღეებში გია
ბუღაძის სურვილით და დახმარებით მოეწყო გამოფენა თელავის თეატრის ფოეში.
თელავის გამოფენას მოჰყვა არაოფიციალური გამოფენა ლევან
ჭოღოშვილის სახელოსნოში. კიდევ ერთი არაოფიციალური გამოფენა მამუკა ჯაფარიძის სახელოსნოში
შედგა.
1986 წელს მოეწყო გამოფენა ქარვასლაში;
ამას იმავე გაზაფხულს
მოჰყვა მეორე გამოფენა ისევ ქარვასლაში. წარმოდგენილი იყვნენ მამუკა ცეცხლაძე, მამუკა
ჯაფარიძე, კარლო კაჭარავა. ოლეგ ტიმჩენკო, ნიკო ცეცხლაძე, გია ბუღაძე. გაჩნდა ახალი მასალით შესრულებული ნამუშევრები - მუყაოს,
ხის და ლითონის მასალები, სამეურნეო საღებავები.
1986 წელსვე მოხატეს თემქის საბავშვო ბაღის კედელი.
ამ აქციას თავისი ისტორია ჰქონდა: „საბავშვო
ბაღის წინ ცხოვრობდა გოგონა, რომელიც ერთ-ერთ მხატვარს შეუყვარდა და შვიდმა მხატვარმა
გადაწყვიტა ეს საკმაოდ უღიმღამო სიბრტყე ერთი ღამის განმავლობაში მოეხატათ“.
1987 წელს მხატვრის სახლის კიბის უჯრედში მოეწყო გამოფენა-აქცია
- აითვისეს მხატვრის სახლის კიბის უჯრედის ოთხივე სართული, რომელიც მთლიანად გადაფარეს
შეღებილი კარდონებით. კედლები მთლიანად მოიცვა „საგანგებოდ წარმავალმა ნაწარმოებებმა“.
სივრცე აივსო სპონტანურად შესრულებული ვეებერთელა ცხოველთა ფიგურებით, უზარმაზარი გროტესკული
სახე-ნიღბებით. შავ-წითლად შეღებილ ინტერიერში იყო ერთგვარი გამოწვევა: ჩანდა ახალი,
რადიკალური ქმედების სურვილი - იმ დროის „ტრადიციონალიზმის“ საპირისპირო.
1987 წლიდან „X სართულის“ ჯგუფი მარჯანიშვილის სახელობის
თეატრის სადეკორაციო სახელოსნოში განაგრძობს მუშაობას, სადაც მათ კოკა რამიშვილი შეუერთდა.
(აქედან მოყოლებული ჯგუფის სახელად „მარჯანიშვილი“ უფრო აქტიური ხდება).
კოკა რამიშვილი
ამ დროიდან მნიშვნელოვნად იცვლება სამუშაო სივრცის სპეციფიკა.
მხატვრობა საგამოფენო დარბაზებიდან დაცარიელებულ შენობებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში,
ღია სირცეებში გადაინაცვლებს. იბადება ახალი სახვითი საშუალებები, იხატება ვეებერთელა
ტილოები, იქმნება სხვა და სხვა მასალით აწყობილი ობიექტები, იხატება კოსტუმები, კოლაჟები
და ა.შ. ეს ჯგუფი პირველია საქართველოში, რომელმაც გამოფენებზე აქციების დემონსტრირება
დაიწყო.
გაჩნდა ახალი ურთიერთობები გია რიგვავასთან, გურამ წიბახაშვილთან და სხვებთან.
1987 წელს გერმანელმა არტისტმა ეკე მაასმა ბერლინში მიიწვია ჯგუფის რამდენიმე წევრი:
ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, კოკა რამიშვილი. აქ მათ გერმანელ მხატვრებთან ერთად მოხატეს
ეკე მაასის ეზოს კედლები. ამ აქციას დასავლეთ ბერლინიდან ჩამოსული მუსიკოსებიც ესწრნენ. მოეწყო გამოფენა ბერლინის ერთ-ერთ გალერეაში, სადაც
ბერლინშივე შეძენილი ჯართით აწყობილი ობიექტები გამოფინეს.
1988 წელს ჯგუფმა რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის
კედლები მოხატა, აქვე მათ გამოიტანეს სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები,
წარმოადგინეს ინსტალაციები - აითვისეს საკმაოდ სპეციფიური არქიტექტურული სივრცე (იმხანად
თითქმის უფუნქციო) და ის თანამედროვე - ავანგარდული სიმძაფრით აამოქმედეს.
1988 წლის ზაფხულში ქარვასლის ქვედა სართულზე ეწყობა
20 მხატვრის გამოფენა, „მარჯანიშვილის“ ჯგუფთან ერთად წარმოდგენილი იყო: ილიკო ზაუტაშვილის,
ლუკა ლასარეიშვილის, გელა ზაუტაშვილის, გია რიგვავას, გია ბუღაძის, გია ეძგვერაძის
ნამუშევრები.
1988 წელს ქარვასლაში ჩატარდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით
პირველი ვიდეო-აქცია სახელწოდებით “Битовой шпионаж“ . მოსკოვიდან ჩამოსულ ნეოკონცეპტუალისტთა
ჯგუფ “Медгерменевтика“ - სთან ერთად აქციაში მონაწილეობდა „მარჯანიშვილის“ ჯგუფი.
ამ გამოფენის შემდეგ ეწყობა გამოფენა ნარვაში, სადაც
განსაკუთრებული ყურადღება ლია შველიძის ნამუშევრებმა მიიქცია.
შემდეგ ისევ თბილისში - რამდენიმე გამოფენა ქარვასლაში.
ამავე წელს კიოლნში ფრანსუაზა ფრიდრიხის გალერეაში გამოიფინა
ნიკო ცეცხლაძის, მამუკა ცეცხლაძის, მაია ცეცხლაძის, მამუკა ჯაფარიძის, ოლეგ ტიმჩენკოს,
კოკა რამიშვილის, ლია შველიძის ნამუშევრები.
ლია შველიძე
1989 წელს თბილისში ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობაში
(ვერაზე) ჩატარდა როკ-ფესტივალი- „როკ ნევროზი“, რომელში მონაწილე ერთერთი ჯგუფის
- „დე-მუსიკა“ (თავსართი „დე“ ქუჩის ჟარგონული ლექსიკონიდან იყო ამოღებული) წევრები
იყვნენ შალვა ფანცულაია, შალვა ლომსაძე, გოჩა აღაპიშვილი და მარჯანიშვლის სახოლოსნოს
რამდენიმე მხატვარი (მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ცეცხლაძე, კოკა რამიშვილი). მათმა მონაწილეობამ
კონცერტი ჰეპენინგად აქცია.
ამავე წელს ლენინგრადში ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა
„ქართული ავანგარდი - 80 - იანი წლები“. წარმოდგენილი იყვნენ - მამუკა ჯაფარიძე, ნიკო
ცეცხლაძე, მაია ცეცხლაძე, ლია შველიძე, ოლეგ ტიმჩენკო, მამუკა ცეცხლაძე, კოკა რამიშვილი,
კარლო კაჭარავა, გია ლორია, ნიკო ლომაშვილი, გია რიგვავა, გურამ წიბახაშვილი.
კარლო კაჭარავამ მათ
”დაგვიანებით, წვალებით
ნაშობo ”ვუდსტოკის
თაობა” უწოდა.
დღეს განსხვავებული სიტუაციაა, აღარ არის ის პათოსი,
ის უზარმაზარი ენთუზიაზმი, მაგრამ არსებობს ძალიან სერიოზული გამოცდილება. არსებობს
მრავალმხრივი „პროდუქცია“, რომელიც თანამედროვე სახვით ხელოვნებას „ევრო“ თუ „დასავლური“
სივრცის სრულფასოვან ნაწილად აქცევს.
No comments:
Post a Comment