Sunday, May 6, 2018

კოკა რამიშვილი - ესაუბრა ნინო გუჯაბიძე. 27.10.1999


კოკა რამიშვილი თბილისური ცხოვრების ავტონომიური მოვლენა - ექსცენტრიული, ექსტრაორდინალური. ხშირად ცვალებადი ინტერესების დემონსტრაციით, ხშირ შემთხვევაში ძნელად დასაწევი ევოლუციური დინამიკით, კონტექსტში ლავირებით, რომლის პოზიცია ზოგჯერ ისტერიული გამოვარდნაა, ზოგჯერ მშვიდი მედიტაციური „შედეგი“. შექმნილ ვითარებაში იგი კულტურული კონტექსტის დეგრადაციას გრძნობს და თავისი შემოქმედება ინერციით მაინც კონტექსტამდე მიჰყავს. ეფუძნება თავის გამოცდილებას და უსმენს საკუთარ თავს; იმას, რასაც მაყურებელი ხელოვნების ნიმუშის აღქმის ჩვეულებრივ ჭვრეტას უწოდებს, მისთვის პროცესი ჩამოყალიბებული მონუმენტური მოვლენაა.

მხატვარმა მისვლისთანავე ორი ნამუშევარი მაჩვენა, რამაც ჩემი გაოცება გამოიწვია. ეს იყო 90-იან წლებში ფანქრით შესრულებული ნახატები და თბილისის ომის დროს გადაღებული ფოტოები.თვითონ ფოტოები მეტალის ფერისაა და ძალიან ლამაზი ტყვიის მძიმე ნისლში დაფარული. თბილისი საშიში და შემზარავია, ქალაქი ასეთი ახლო და შორეული. კირიკოს მეტაფიზიკური ქალაქი ჩვენი რეალობა ხდება. ემოცია, რომელიც გაშინებს - „თბილისის თორმეტი დღე“ - ტკივილი, რომელიც საოცარი ძალით იფრქვევა. სწორედ იმ წუთებში უნებლიედ დამებადა შეკითხვა.

ნ.გ. მაშინ, როდესაც თბილისური არტ-ხელოვნება აბსტრაქციით ცხოვრობს, შენ აკეთებ რაფინირებულ ნახატებს სიყვარულის თემაზე.

კ.რ.  ჩემი აზრით, შემოქმედმა უნდა აკეთოს ის, რაც შეუძლია და რაც სურს. ეს არის ორი პარამეტრის დიალოგი ან ხელოვნების შენეული გაცნობიერება. აუცილებელია ისიც, რომ საკუთარ თავთან მართალი იყო. ეს საკმაოდ რთული პროცესია და ყველაფერი ერთმანეთის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ ხშირად ერთი პროცესი მეორეს უსწრებს. მაგ: შემოქმედმა იცის რა უნდა აკეთოს და რა შეუძლია გააკეთოს. იდეალურია, როდესაც ეს ორი მიდგომა ერთმანეთს ემთხვევა. ეს იშვიათად ხდება, რადგან ადამიანი აკეთებს იმას, რაც მას სურს და ივიწებს ძირეულს, რაც ხელოვნების განვითარების კონტექსტში მთავარია. ჩემ შემთხვევაში ხდება ამ ორი  პროცესის დამთხვევა. ვერაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, როდესაც გგონია, რომ მართალს აკეთებ, მაშინაც კი, როდესაც დანარჩენები სულ სხვას ქმნიან. ეს ის მომენტია, როდესაც ინტუიცია ინტელექტთან „მორიგდება“ ან თითქოს ბედი შემთხვევას უიგივდება. ამ ორი ხაზის გადაკვეთით შეიქმნა ჩემი ფანქრის ნამუშევრები, რამაც, ვფიქრობ, ერთგვარი შედეგი გამოიღო.

ნ.გ. ჩემთვის შენი ვიდეოინსტალაცია საოცარი ხიბლით გამოიჩევა. იგი მხოლოდ ემოციურ აღქმაზეა გათვლილი. „მაღალ ნოტას“, რომელიც მოულოდნელობით შემოდის, გააჩნია დამოუკიდებელი სიცოცხლე, გავლენა და ზემოქმედების უნარი. ეს ფორმა კი იძლევა „სულიერ არომატს“, რომელიც დიფერენცირდება იძენს „ხმოვან ნიუანსებს“, მაგრამ თავისი არსით იგი უცვლელია. ხმოვანებით შეიძლება დავანგრიოთ ფიზიკური ობიექტი. ხმას აქვს საოცარი შესაძლებლობები, რაც ძალიან საინტერესოა.

კ.რ. ჩემი ნამუშევრების აღქმის პროცესში ხმას ერთერთი პირველი ადგილი უკავია. „საუნდს“ საკმაოდ ძლიერი სფერო აქვს, მას შეუძლია მთლიანად გადააკეთოს ნამუშევარი. მაგ: წარმოიდგინეთ მანქანა, რომელიც ბნელ ქუჩაში მიდის, მას ადებ ხმას და ეს გიქმნის დეტექტიურ სიტუაციას. მეორე შემთხვევაში, დადებულმა სხვა ხმამ, შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ეს განწყობა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მე, როგორც მხატვარი ვმუშაობ ვიზუალურ ობიექტზე და არა ხმაზე, მე გამოვდივარ ფერიდან, რიტმიდან, მოძრაობიდან. მიუხედავად ამისა, მე ვუყურებ ნამუშევარს, როგორც ხმით სავსე ობიექტს.

ნ.გ. „სიგნალი“ - მამაკაცის შიშველი სხეული მაყურებლისკენ მორბის. მძაფრი ენერგიის მქონე აბრა წარწერით: „FOLLOW RED, FOLLOW YELLOW, FOLLOW WHITE”წარწერების ცვალებადობა იწვწვს „სულიერ ვიბრაციას“ და მაყურებელზე მოქმედებს, როგორც აღმგზნები საშუალება. ფერი სდევს სხეულს, სხეული მოძრაობაშია. ფერის „დევნა“ მამაკაცის სხეულზე კონცენტრირდება. შენ აჩვევ მაყურებელს „არ არსებულ“ სიჩქარეს, ქმედებას, როდესაც მოძრაობა სტატიკური ხდება. სწორედ ამ დროს, გაუცნობიერებელი ამოტივტივდება და უცნაური შიშის ძალით გამცნობს თავის არსებობას. ეს არის შენი გრძნობების, ემოციის, მოღმისეული „ფერადოვანი“ დანახვა.

კ.რ. „სიგნალი“ სტრუქტუარული ნამუშევარია. მასში იგრძნობა რიტმი და აქედან გამომდინარე „საუნდი“. ამ ნამუშევარში ჩადებულია ჩემი გამოცდილება - კერძოდ, გამოყენებულია კონცეპტუალიზმის, ARTE POVERA-ს და მინიმალიზმის ტრადიციები. „სიგნალი“ ამ გამოცდილების ბადეზეა აწყობილი. რაც შეეხება ემოციურ მხარეს, მიძნელდება თქმა, კონკრეტულად რა გრძნობები ჭარბობდა ჩემში. ერთი ვიცი, რომ ნამუშევარი სევდიანი გამოვიდა. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ადამიანის სავალ გზაზე.

ნ.გ. რა გავლენა იქონია კინემატოგრაფმა შენს ვიდეოინსტალაციებზე?

კ.რ. მე დავიბადე და გავიზარდე კინოს ეპოქაში. კინო ჩემი ბიოგრაფიის პარალელურად ვითარდებოდა, ამიტომაც იგი ჩემი შემოქმედების ერთერთი ფაქტორია, მაგრამ ათვლის წერტილი არ არის. ჩემი ვიდეო ექსპერიმენტები ფაქტობრივად ანტიკინოა. ამ შემთხვევაში ვიდეოს, როგორც კინოს ნაწილს ვერ აღვიქვამ თუმცაკინოს არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ იგი თავისი კონტექსტით ანტიკინოა.

ნ.გ. შენს პროექტში „შესაძლებელი პროგნოზი“ საელჩოები პოსტ-საბჭოთა საქართველოს პოლიტიკის ეროგენულ ზონებად იქცნენ, რეალობაში სხეულის რომელი ნაწილია შენთვის ეროგენული?

კ.რ.  ეს საკმაოდ რთული შეკითხვაა, იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანებს განსხვავებული ეროტიკული განცდების გამოწვევა შეუძლიათ. ეს დამოკიდებულია მომენტზე, განწყობაზე და იმ ადამიანზე, რომელთანაც იმ წუთას იმყოფები.

No comments:

Post a Comment

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ

ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, სამუზეუმო საქმის ფუძემდებლის, დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული ეროვნული სამხატვრო გალ...