Monday, September 13, 2021

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ


ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, სამუზეუმო საქმის ფუძემდებლის, დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული ეროვნული სამხატვრო გალერეა 100 წელზე მეტს ითვლის. 1919 წელს, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ წერდა: „ქ. ტფილისში არსდება ეროვნული სამხატვრო გალერეა. სამხატვრო გალერეის მიზანს შეადგენს შეგროვება და დაცვა მხატვრობისა და ქანდაკების ნაწარმოებთა, უმთავრესად ქართველისა და საქართველოს მოსაზღვრე ხალხთა ხელოვნებისა, როგორც ძველისა, ისე ახლისა.“

მანამდე კი, 1918 წელს, დიმიტრი შევარდნაძის მიერ 1916 წელს დაარსებულ „ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას“ გადაეცა ეროვნული სამხატვრო გალერეის მოსაწყობად შენობა, რომელიც, როგორც ტიციან ტაბიძე წერს, „მანამდე მხოლოდ ჩვენი მონობის დიდების ტაძარი იყო, სადაც ეკიდა საქართველოს დახეული დროშები, შამილის გამტყდარი ხმალი და ჰაჯი-მურატის ტანზე შეხსნილი მუზარადები“. შენობა სახელმწიფოსგან ჩაიბარეს დიმიტრი შევარდნაძემ, შალვა ქიქოძემ და გიორგი ერისთავმა. 1919 წლის მაისში კი, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობითა და დაფინანსებით, იქ უკვე სხვადასხვა თაობის საქართველოს ხელოვანთა ცნობილი საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები ეწყობა. გამოფენებში მონაწილე მხატვრები იყვნენ: გიგო გაბაშვილი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ვასილ ჯორჯაძე, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, შალვა ქიქოძე, ალექსანდრე მრევლიშვილი, დავით გველესიანი, ალექსანდრე მრევლიშვილი, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვი, ერვანდ კოჩარიანი, კირილე ზდანევიჩი, ელენე ახვლედიანი, ამაიაკ აკოპიანი, მოსე და ირაკლი თოიძეები, გევორქ ბაშინჯაკიანი, გიგო ზაზიაშვილი, ვასილი კროტკოვი, ასევე, თბილისში იმ დროს სტუმრად ჩამოსული მხატვრები: ვასილი კამენსკი, ვლადიმირ ბობერმანი, ვერა შლეზინგერი-როხლინა, სერგეი სუდეიკინი. ამ გამოფენებზე წარმოადგინა გუდიაშვილმა თავისი ძალიან ცნობილი ნამუშევრები: „თევზი ცოცხალი“, „ხაში“, „ძმა–ბიჭების ქეიფი“, „ქალი მზეთამზე“, დავით კაკაბაძემ კი სხვა ნამუშევრებთან ერთად - „იმერეთი. დედაჩემი“. ამ გამოფენებზევე შეირჩნენ ის მხატვრები, რომლებიც ცოტა ხანში გაემგზავრებიან საზღვარგარეთ სასწავლებლად.

1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომ, ეროვნულმა გალერეამ მრავალი დრამატული ათწლეული გადაიარა. თუმცა, საბჭოთა პერიოდშიც, ეროვნული გალერეა ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების ასპარეზი იყო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ პერიოდში ეს ფუნქცია ვერცერთმა ახლადაღმოცენებულმა დიდმა თუ პატარა კერძო გალერეამ ვერ იტვირთა და დღესდღეობით, თანამედროვე სახვითი და ვიზუალური ხელოვნება საგამოფენო სივრცის გარეშეა დარჩენილი.
2007 წელს, ეროვნული გალერეა ახლადშექმნილი მუზეუმთა გაერთიანების - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილი გახდა. განახლებული გალერეის პირველი გამოფენა 2011 წელს შედგა. მუზეუმთა ამავე გაერთიანებაში შევიდა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც, როგორც ცნობილია, ფლობს ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანეს საგანძურს. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობა უკვე მაშინ, მუზეუმთა გაერთიანების შექმნისას, საჭიროებდა და, სამწუხაროდ, დღემდე საჭიროებს რეაბილიტაციას. სწორედ ამიტომ, 2011 წელს, გადაწყდა, რომ ეროვნულ გალერეას დროებით შეეთავსებინა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცის ფუნქცია. 2012 წლიდან დღემდე კი, ეროვნული გალერეის მეორე სართული, მე-20 საუკუნის I ნახევრის ქართულ-თბილისური მოდერნიზმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას დაეთმო, ხოლო გალერეის პირველი სართულის დარბაზებში სხვადასხვა თემატური დროებით გამოფენები იმართებოდა.

დღეს, ეროვნული გალერეის ახალი ხელმძღვანელობის ხედვა დამოუკიდებელ საქართველოში დიმიტრი შევარდნაძის მიერ შექმნილ ტრადიციას ეფუძნება და მიზნად განვითარებას ისახავს. კერძოდ, ახალი დრო ახალ, მკაფიო საგამოფენო პოლიტიკას ითხოვს - ხელოვანთათვის ობიექტურად რთულ პერიოდში, ეს ცენტრალური, ეროვნული საგამოფენო სივრცე შეეცდება კიდევ უფრო ფართოდ გაუღოს კარი თანამედროვე ხელოვანებს, სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა მხატვრული აზროვნების მქონე მხატვრებს და ამით დაიბრუნოს თავისი პირველადი ანუ გალერეის ფუნქცია. ეროვნულმა გალერეამ მეტი ინტენსივობით უნდა იმუშაოს ქართული და უცხოური თანამედროვე ხელოვნების გამოფენების პროექტებზე, დაუთმოს სივრცე საინტერესო საკურატორო პროექტებს, თავად ხელოვანების კონცეფტუალურ პროექტებს; შესაბამისად, გახდეს თანამედროვე სახელოვნებო პროცესის არა თუ აქტიური მონაწილე, არამედ გარკვეულწილად მისი მთავარი წარმომჩენი.
გარდა ამისა, ეროვნული გალერეა გეგმავს სამუშაო კონტაქტები დაამყაროს საზღვარგარეთის შესაბამისი სტატუსის მქონე სახელოვნებო გალერეებთან, შექმნას თანამედროვე ხელოვნების იმპორტისა და ექსპორტის მწყობრი პოლიტიკა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს, ერთი მხრივ, საზღვრებს გარეთ საქართველოს ხელოვნების პოპულარიზაციას და, მეორე მხრივ, საქართველოში მსოფლიო ხელოვნების აქტიურად შემოტანასა და პოპულარიზაციას. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ საერთაშორისო სახელოვნებო პროცესში ინტეგრირება, არამედ საკუთრივ საქართველოში ხელოვანებს შორის ინტერაქტიურობის შეძლებისდაგვარად გაზრდაა.
სწორედ დიმიტრი შევარდნაძის მიერ შექმნილი ტრადიციის გაგრძელება და ამავდროულად თანამედროვე გამოცდილების გაზიარება იქნება ეროვნული გალერეის მიერ სამოქმედო არეალის გაფართოება: ა) შემოქმედებითი რეზიდენციების/სახელოსნოების პროგრამის შექმნის; ბ) ქართველ და უცხოელ კურატორთა თანამშრომლობის ხელშეწყობის; გ) სამეცნიერო და პოპულარული გამოცემების სტიმულირების; დ) საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედების და, რასაკვირველია, ე) კოლექციების გამდიდრების გზით.

გარდა ყოველივე ამისა, ჩვენ ინფრასტრუქტურასაც უნდა მოვუაროთ და გადავწყვიტეთ, რომ 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ სურვილად დარჩენილი გეგმა რეალობად გვექცია: ეროვნული გალერეის მეორე სართულზე სარემონტო სამუშაოები წამოვიწყეთ, რის გამოც, აუცილებელი გახდა ქართული მოდერნიზმის ექსპოზიციის დემონტაჟი. სამუშაოების შედეგად, გამოსწორდება დამთვალიერებლის თვალისათვის უსიამოვნო და ეროვნული გალერეისათვის არასაკადრისი ხარვეზები (იხ. თანდართული ვიდეო), რაც მოძველებული ინფრასტრუქტურისათვის დამახასიათებელია. ასევე, საექსპოზიციო კედლების ამჟამად მეწამული ფერი თეთრი გახდება. ეს თითქოს დეტალია, მაგრამ გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო საგამოფენო გამოცდილებიდან გამომდინარე მივიღეთ და, ამავე დროს, გამოვეპასუხეთ დიმიტრი შევარდნაძის გადაწყვეტილებას, როდესაც მან ხელოვანთა პირველი საგაზაფხულო გამოფენისათვის, ამავე კედლების მაშინაც მეწამული ფერი, როგორც იმპერიული, სამეფო ძალაუფლების სიმბოლო, გადაფარა თეთრი ქსოვილით და მასზე თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები წარმოადგინა.

დღეს, ექსპოზიციიდან ჩამოხსნილი ნამუშევრები უსაფრთხოების ზომების დაცვით გადატანილია შესაბამის ფონდებში. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, დავაკონკრეტებთ: 1. ნიკო ფიროსმანის 23 ნამუშევარი გადატანილია ეროვნული გალერეის საცავში; 2. იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები - ასევე ეროვნული გალერეის სარესტავრაციო სივრცეში; 3. დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და სხვა მოდერნისტი მხატვრების ნამუშევრები - ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერისა და გრაფიკის ფონდში. ეროვნული გალერეის საცავში მანამდეც ინახებოდა ფიროსმანაშვილის 82 ნამუშევარი; დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და სხვა მოდერნისტი მხატვრების ნამუშევრები კი დაბრუნდა იქ, საიდანაც თავის დროზე იქნა გამოტანილი და სადაც ინახება ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის, გრაფიკისა და ქანდაკების ნიმუშთა კოლექციები. მსგავსი მიდგომა კი არ გააბნევს კოლექციებს სხვადასხვა სივრცეებსა და მუზეუმებში, არამედ ერთიანად დაიცავს მათ ერთი და იმავე მუზეუმთა ჯგუფის სივრცეში.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მანამ, სანამ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენილ შენობას თავად ექნება შესაბამისი, ტექნიკურად სრულად აღჭურვილი საექსპოზიციო სივრცე, ეროვნული გალერეის მეორე სართულის დარბაზებში დაბრუნდება ქართული მოდერნიზმი ახალი ექსპოზიციით. ეს აუცილებლად ასე იქნება, რამდენადაც 1900-1920-იანი წლების ქართულ-თბილისური მოდერნიზმი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ხელოვნების ისტორიაში, რომელიც არ უნდა იყოს გადამალული სამუზეუმო საცავებში. ამასთანავე, 1920-იან წლებში, ყოფილი „დიდების ტაძარი“ ქართული კულტურის ავანგარდულ ცენტრად გადაიქცა, სადაც მოდერნისტ მხატვართა გამოფენები ეწყობოდა. ამ ტრადიციის დაკარგვას კი ეროვნული გალერეა, ბუნებრივია, არ გეგმავს. ახალ ექსპოზიციებში ჩართული იქნებიან ქართული და თბილისური მოდერნიზმის წარმომადგენლები: დავით კაკაბაძე, კირილე ზდანევიჩი, ლადო გუდიაშვილი, შალვა ქიქოძე, დიმიტრი შევარდნაძე, ილია ზდანევიჩი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვი, ალექსანდრე შერვაშიძე, ირაკლი გამრეკელი, ბენო გორდეზიანი, ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი, ქეთევან მაღალაშვილი, ფელიქს ვარლამიშვილი, მიხეილ გოცირიძე, ირინა შტენბერგი, კლარა კვესი, ემმა ლალაევა, იოსებ გაბაშვილი, თამარ თავაძე და ბევრი სხვა. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ გალერეის მეორე სართულის სივრცის შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ვგეგმავთ მოდერნიზმის ექსპოზიციის პერიოდულ კონცეპტუალურ და თემატურ ცვლას. თემიდან და კონცეფციიდან გამომდინარე, ცვალებადი იქნება მოდერნისტ მხატვართა შემადგენლობა, დარგობრივი თუ ჟანრობრივი უპირატესობები (ფერწერა, ავანგარდული წიგნის დიზაინი, სცენოგრაფია, კინო და კინოს მხატვრობა, სხვადასხვა სახის გამოცემები - აფიშები, მანიფესტები, პოსტერები და სხვ.). მოდერნიზმის ექსპოზიციის რენოვაციის პროექტს უხელმძღვანელებს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კურატორი ნანა შერვაშიძე.

ეროვნული გალერეა შეეცდება, აღადგინოს თავისუფალი და ცოცხალი დისკუსიების ტრადიცია არა მხოლოდ ხელოვნებაზე, არამედ კულტურის სხვადასხვა პრობლემაზე, რაც სახასიათო იყო 1910-იანი წლების ქართულ-თბილისური მოდერნისტული და ავანგარდული სახელოვნებო გარემოსთვის და რაც ასე აქტუალური და აუცილებელია თანამედროვე სახელოვნებო სივრცისათვისაც. ასევე მნიშვნელოვანია შემოქმედებითი რეზიდენციების/სახელოსნოების ამოქმედება, სამეცნიერო და პოპულარული გამოცემების სტიმულირება, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედება. ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი ნინო გედევანიშვილი.

რაც შეეხება ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს, მას შემდეგ, რაც ვიზუალურად შელახულ საგამოფენო დარბაზში სარემონტო სამუშაოები დასრულდება, მასში ფიროსმანის გამოფენა ახლებურად იქნება წარმოდგენილი და ის, გარდა ნამუშევრების მხოლოდ ექსპოზიციისა, თანამედროვე საგამოფენო პრაქტიკის შესაბამისად მნახველს შესთავაზებს თანამედროვე ფორმით მიწოდებულ დამატებით მასალას მხატვრის ბიოგრაფიით, ფოტოებით, გამოფენის კონცეფციის შესახებ ინფორმაციით, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და ინფორმატიულს გახდის გამოფენას დამთვალიერებლებისათვის. დარბაზის რენოვაციის ამ პროექტს ხელმძღვანელობს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მთავარი კურატორი მაკა ბეჟუაშვილი.

აქვე გაცნობებთ, რომ ეროვნულ გალერეაში სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, იგეგმება 1980-1990-იანი წლების თაობის მხატვრების იმ ნამუშევრების გამოფენა, რომელთა შესყიდვაც, საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო და შემოდგომაზეც გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 1980-იანი წლების შემდეგ, ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული გალერეის ფონდები ახალი ფერწერული ტილოებით არ შევსებულა.
შეგახსენებთ, რომ 1970-1980-იანი წლების მიჯნა ქართულ მხატვრობაში გარდატეხის ხანად და ახალი ეტაპის დასაწყისად არის მიჩნეული. სწორედ 70-იანი წლების ბოლოს გამოდის შემოქმედებით ასპარეზზე ამ თაობის ე.წ. პირველი ნაკადი, რომელსაც სულ რამდენიმე წლის შემდეგ მოჰყვა კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი მეორე ნაკადი. ამ თაობის წარმომადგენელთა მრავალფეროვნების, მხატვრული თუ ესთეტიკური განსხვავებების მიუხედავად, მათ უდავო დამსახურებას წარმოადგენს სრულიად ახლებური დამოკიდებულება მხატვრობის მიმართ, რაც დეკლარირებული იყო მათ ხელოვნებაში და მე-20 საუკუნის დასასრულს ახალ ჰორიზონტს უხსნიდა ქართულ ხელოვნებას. ამიტომაც, 80-იანი და შემდგომ, 90-იანი წლების ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების სახელმწიფო სამუზეუმო კოლექციაში შეყვანა და მათი მასშტაბური გამოფენა ამ მოვლენის სიღრმისეული გააზრების შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას.
2021 წელს შეძენილი ახალი კოლექციების სწორედ ეროვნულ გალერეაში ჩვენება ასევე ტრადიციის გაგრძელებაა. უდავოდ გვახსოვს, რომ სწორედ აქ, გალერეის სივრცეში გამოიფინა 1920 წელს ახალი სამუზეუმო კოლექციები - მე-18-მე-19 საუკუნეების ქართული პორტრეტული მხატვრობა (ე.წ. თბილისური სკოლა), დასავლეთ ევროპული და რუსული ხელოვნების კოლექცია, ირანული ხელოვნების კოლექცია და თანამედროვე ქართული მხატვრობა, თავად დიმიტრი შევარდნაძის მიერ მოპოვებული ფიროსმანის საუკეთესო კოლექცია და სხვ.
კოლექციების შევსებისა და გამოფენის ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს ხელმძღვანელობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსი ალექსანდრა გაბუნია.

გალერეის პოლიტიკაა იყოს ნოვატორული და ამავე დროს გააგრძელოს 1910-იანი წლების ტრადიციები. ეროვნული გალერეა გახსნილია დისკუსიისათვის, ყველა საინტერესო წინადადების, შემოთავაზებისა და რჩევისთვის.
ეროვნულ გალერეაში საგამოფენო პროექტის განხორციელების მსურველებმა ჩამოტვირთეთ საგამოფენო განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1w-rGWvwZz2Gne0SJuBQubQFPkcu2_N3I?fbclid=IwAR2l9k6iSJaleVz0l5jB_8J4RIlw0gwC1dWnQTYc07rNHYvTpaUcXwaxR5I
საგამოფენო განაცხადი განსახილველად წარედგინება საგამოფენო კომისიას. თუ საგამოფენო კომისია მიიჩნევს, რომ განაცხადი ეროვნული გალერეის პრიორიტეტებს შეესაბამება (საგანმანათლებლო, ასევე თანამედროვე ხელოვნების წახალისება და პოპულარიზაცია, და სხვ.), ეროვნული გალერეა უზრუნველყოფს სრულად ან ნაწილობრივ ბეჭდური და ციფრული სახის პროდუქციის დამზადებასაც.

რაც შეეხება სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სარემონტო სამუშაოების ჩატარება კოვიდპანდემიის გამო დროებით შეუძლებელია. თუმცა, აქვე ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ საგამოფენო სივრცის განახლებისთანავე, სიღნაღში გაიხსნება ნონკონფორმისტების უნიკალური გამოფენა (ავთო ვარაზი, ოთარ ჩხარტიშვილი, თემო ჯაფარიძე, ამირ კაკაბაძე, ვატია დავითაშვილი, ავთო მესხი).

No comments:

Post a Comment

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ

ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, სამუზეუმო საქმის ფუძემდებლის, დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული ეროვნული სამხატვრო გალ...