Wednesday, December 2, 2020

აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

 

შენობა

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაარსებიდანვე განთავსებულია არქიტექტურული და მხატვრული თვალსაზრისით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ შენობაში, ალექსანდრე გრიბოედოვის (ყოფილი კომენდანტის)   ქუჩაზე.  ამ ადგილას,  XIX  საუკუნის შუა  წლებში, არქიტექტორ   გრიგოლ ივანოვის  პროექტით აიგო სასახლე თავისი ეკლესიით.  XX საუკუნის დასაწყისში კი შენობის ერთი ნაწილის მფლობელის, ნინო ქობულაშვილის დაკვეთით, არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილის პროექტით, განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია.

სამხატვრო აკადემიის ისტორიულმა შენობამ თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი ცვლილება განიცადა, რის შედეგადაც მისი მხატვრული სახე ეკლექტურ ხასიათს ატარებს. აქ ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს ბაროკოული, გვიანკლასიცისტური და გვიანირანული სტილის ელემენტები. შენობა, გეგმით, ბერძნული ანბანის დიდი П-ს ფორმისაა. სამშენებლო  მასალად  გამოყენებულია ძველი ქართული აგური. ფასადები შელესილია. ნაგებობის ხაზგასმულად გრძივი, ტიპიური ევროპული ფასადი, რომელიც ფრონტალურად  გასდევს  გრიბოედოვის ქუჩას, სიმონ კლდიაშვილის პროექტით განხორციელებული რეკონსტრუქციის დროინდელია და შემკულია ნაძერწი გირლანდებით, ნიჟარებით, ნიღბებით, ადამიანის თავის სკულპტურული გამოსახულებებით, მაღალი კრონშტეინებით. პროფილები და სკულპტურული დეკორი ნალესობითაა გამოყვანილი. ნაგებობის ფასადი ეზოს მხრიდან სხვადსხვა დროს გადაკეთდა. ფასადის მარცხენა ფრთის კიდეში დომინირებს შეისრულთაღიანი პორტალი, რომელიც ხის აივნებითაა გახსნილი. ამავე მხრიდან უკავშირდება ძველი შენობა ახალ კორპუსს.

განსაკუთრებით  საინტერესო  და  ღირებულია ისტორიული შენობის ინტერიერი, სადაც გვიანირანული არქიტექტურული სტილის მთელი მხატვრული რეპერტუარია წარმოდგენილი.დარბაზების ინტერიერები უხვადაა შემკული სპარსულწარწერებიანი მედალიონებით, სარკეებიან ფონზე სტუკოს ორნამენტებით, სტალაქტიტური ფორმის ფრიზებით; აქვე  გვხვდება  მუშარაბებიანი ღიობები, ბუხრების  მოყვანილობა, კედლის მხატვრობა, რომელშიც ძირითადად აღმოსავლური მინიატურის ორნამენტული მოტივებია გამოყენებული და სხვ. აკადემიკოს ვახტანგ  ბერიძის აზრით, ეს ყველაფერი თბილისში მომუშავე ირანელი ოსტატების ხელით უნდა იყოს შესრულებული.

სამხატვრო  აკადემიის  ისტორიული  შენობის  უმძიმესი  ავარიული მდგომარეობა ჯერ კიდევ, აკადემიის პირველ რექტორს,  გიორგი ჩუბინაშვილსაც აწუხებდა, ამაზე მეტყველებს წერილ, რომელიც მა იმდროინდელ “წითელ” ხელმძღვანელობას მიწერა. გიორგი  ჩუბინაშვილ  გრიბოედოვის  ქუჩაზე მდებარე აკადემიის ისტორიული შენობის გამაგრება-რესტავრაციას  ითხოვდა.  ეს საკითხი აკადემიის ყველა მომდევნო რექტორისათვის თავის ტკივილი იყო. 

XX  საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში აპოლონ  ქუთათელაძის რექტორობის დროს, გიორგი ხალათოვის ხელმძღვანელობით, თსსა პედაგოგების და სტუდენტების  მონაწილეობით   ჩატარდა   შენობის   ინტერიერის   რესტავრაცია.

2015-2020  წელს  გია გუგუშვილის  რექტორობის დროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო  აკადემიის ისტორიულ  შენობას  პირვანდელი სახე დაუბრუნდა. გამაგრება-რესტავრაცია ჩაუტარდა  ცნობილ  სარკეებიან დარბაზებს; დიდ ბიბლიოთეკას. სრულად აღდგა შენობის მთავარი ღირსშესანიშნაობა – საარკეებიანი  დარბაზები, მოპირკეთდა ფასადი და კეთლმოეწყო ეზო.



1966 წელს არქიტექტორების - არჩილ ქურდიანის, მიხეილ ჩხიკვაძის და კონსტრუქტორ დავით ქაჯაიას პროექტით, აიგო სამხატვრო აკადემიის ახალი, ათსართულიანი კორპუსი, რომელსაც,  ბანკი  “ქართუს”  მხარდაჭერით, 2005-2006 წელს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 2020-2021 წელს  საქართველოს   განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სამხატვრო აკადემიის ათსართულიან კორპუსს რეკონსტრუქცია უტარდება.

 ისტორია 

XIX  საუკუნის შუა  წლებში, ვაჭარი არშაკუნის სახელთანაა დაკავშირებული  შენობის  აგების ისტორია. არშაკუნის  უეცარი  გარდაცვალების შემდეგ შენობამ, როგორც  საცხოვრებელმა  სასახლემ, რამდენჯერმე შეიცვალა ფუნქცია.

1869-1886 წლებში სასახლეში ფუნქციონირებდა მთავარმართებლის მიერ დამტკიცებული წესდებით მოქმედი კლუბი ე.წ. Тифлисский кружок. აქ იყო ბიბლიოთეკა, სასადილო, საბილიარდო, ასევე - სამეჯლისო და სასცენო წარმოდგენების დარბაზი.


XX საუკუნის დასაწყისში სასახლეში გაიხსნა სამხატვრო სკოლა, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით, 1922 წელს დაფუძნდა კავკასიაში ერთადერთი სამხატვრო აკადემია.

ამავე შენობაში 1937 წლამდე განთავსებული იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორის, მხატვარ  ჰენრიხ  ჰრინევსკის  სახელოსნო და მისი მეუღლის მარია პერინის საბალეტო სტუდია; ასევე, აკადემიის პროფესორის გიგო გაბაშვილის სახელოსნო, ქობულაშვილების და სხვათა საცხოვრებელი ბინები. მოგვიანებით მთელი შენობა სამხატვრო აკადემიის მფლობელობაში გადავიდა.



 დაარსება და ფუნქციონირება 

თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებას წინ აქტიური სამხატვრო ცხოვრება უძღვოდა. 1874 წელს  “სამხატვრო საზოგადოებამ” თბილისში დაარსა საქართველოში პირველი დაწყებითი სამხატვრო სკოლა. 1901 წელს თბილისში გაიხსნა საშუალო სამხატვრო სასწავლებელი -  ფერწერისა და ქანდაკების სკოლა, რომელსაც პატრონაჟს უწევდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო სასწავლებელი. 1921 წლამდე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებობდა კერძო სამხატვრო სკოლები. 1921 წლის ბოლოს შეიქმნა ე.წ. უმაღლესი სამხატვრო სახელოსნოები, 1922 წლის დასაწყისში კი მოსე თოიძემ დააარსა სახალხო სტუდია. ქართულ საზოგადოებას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ საქართველოში სამხატვრო განათლების სრულყოფისთვის ეს ყოველივე საკმარისი არ გახლდათ და საჭირო იყო უმაღლესი სამხატვრო საგანმანათლებლო ინტიტუციის დაფუძნება, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდები გააგრძელებდნენ სწავლას. ამისათვის აქტიურად მოღვაწეობდა დიმიტრი შევარდნაძის მიერ 1916 წელს დაარსებული ქართველ ხელოვანთა საზოგადოება. ამ აქტიურობამ საბოლოოდ 1922 წელს გამოიღო შედეგი.

1922 წლის 8 მარტს, განათლების სახალხო კომისარიატის დადგენილებით, დაარსდა საქართველოს სამხატვრო აკადემია (ასევე ერქვა მას თავდაპირველად) - პირველი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი საქართველოსა და მთელ კავკასიაში, და ერთ-ერთი იმ სამ აკადემიას შორის (ლენინგრადის, რიგისა და თბილისის აკადემიები), რომლებიც საბჭოთა კავშირში ფუნქციონირებდა. სახალხო კომისარიატის ტექსტში ეწერა: ”აკადემია აგებული ცოცხალი ბუნების შესწავლის პრინციპებზე არსდება იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს პლასტიკური ყველა დარგის შესწავლას საქართველოში”.

პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა 4 ფაკულტეტი: ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის და ხუროთმოძღვრების. მოგვიანებით, 1925 წელს აკადემიის კერამიკული სკოლის ბაზაზე გაიხსნა კერამიკული სახელოსნო, ხოლო უკვე 1927 წლის შემოდგომაზე ქანდაკების ფაკულტეტთან დაარსდა კერამიკის განყოფილება.

1922 წლის 22 აპრილიდან აკადემიას მართავდა პროფესორთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით: გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე, მოსე თოიძე, იოსებ შარლემანი, ეღიშე თათევოსიანი, ჰენრიხ ჰრინევსკი, ანატოლი კალგინი, ნიკოლოზ სევეროვი.


1922 წლის 14 მაისს აკადემიის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე აირჩიეს აკადემიის პირველი რექტორი - ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის ფუძემდებელი, პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი. დაარსებისთანავე აკადემიაში მიიწვიეს საქართველოში იმ დროს მოღვაწე ცნობილი მხატვრები, მოქანდაკეები და არქიტექტორები. მალევე აკადემიის პედაგოგთა რიგებს შეუერთდნენ სხვადასხვა ქვეყანაში განათლებამიღებული მხატვრებიც: ლენინგრადში განსწავლული ნიკოლოზ კანდელაკი, საფრანგეთიდან დაბრუნებული ლადო გუდიაშვილი (1926), დავით კაკაბაძე (1928) და სხვ. თეორიულ დისციპლინებს ასწავლიდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ - დიმიტრი უზნაძე, შალვა ამირანაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, შალვა ნუცუბიძე და სხვები.

1922-23 სასწავლო წელს აკადემიაში სწავლობდა 156 სტუდენტი, 1946-47 სასწავლო წელს - 270; 1973 წელს აკადემიაში 4 ფაკულტეტზე სწავლობდა 848 სტუდენტი და 204 პროფესორ-მასწავლებელი მოღვაწეობდა; 2011 წელს აკადემიაში 5 ფაკულტეტზე სწავლობდა 1380  სტუდენტი და 327 პროფესორ-მასწავლებელი მუშაობდა; ამ დროისათვის აკადემიაში 2030 სტუდენტს 339 პედაგოგი ასწავლის.

 მოდერნიზაცია - რეფორმები

1930 წლიდან სამხატვრო აკადემიამ რეფორმები განიცადა - 1929-30 სასწავლო წელს იგი ჯერ მკვეთრად გამოხატული საწარმოო განხრის უმაღლეს სამხატვრო ტექნიკურ ინსტიტუტად (უსტექინი) გადაკეთდა - შეიქმნა არქიტექტურული, ფერწერულ-საქანდაკო, კერამიკის და ლითოგრაფიის (პოლიგრაფიის) ფაკულტეტები.

1931 წელს ინსტიტუტი დაიხურა. იმავე წელს ზაფხულში კი სრულიად გაუქმდა. მის ნაცვლად, თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, რომელიც მოკლებული იყო სათანადო ბაზას და შესაფერის პედაგოგებს. არქიტექტურული ფაკულტეტი შეუერთეს სამშენებლო ინსტიტუტს.

1933 წლის 1 თებერვალს სამხატვრო აკადემია აღდგა და სწორედ იმ დროიდან ეწოდა მას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. აღდგა ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის, კერამიკის ფაკულტეტები, არქიტექტურის ფაკულტეტი კი - მხოლოდ 1937 წელს. (აღდგენის შემდეგ ფერწერის კათედრის გამგე იყო დავით კაკაბაძე, ქანდაკების - იაკობ ნიკოლაძე, ნახატის - მოსე თოიძე, კერამიკის - ალექსანდრე ფიცხელაური, ხელოვნების ისტორიის - შალვა ამირანაშვილი). პედაგოგებს შორის უკვე აკადემიის აღზრდილებიც გამოჩნდნენ: გიორგი სესიაშვილი, აპოლონ ქუთათელაძე, ლადო გრიგოლია, სიმონ ნადარეიშვილი, ორნელი სანაძე, სილოვან კაკაბაძე, კონსტანტინე მერაბიშვილი და სხვ. 1933 წლიდან ყოველწლიურად ტარდებოდა სტუდენტური ნამუშევრების გამოფენები.

სსრკ-ში მიმდინარე რეპრესიების კვალი სამხატვრო აკადემიასაც დაეტყო. XX საუკუნის 30-იან წლებში რეპრესიების ტალღამ აკადემიასაც გადაუარა: დახვრიტეს პროფესორები - ჰ. ჰრინევსკი, ვ. კოტეტიშვილი, ა. დუდუჩავა და სხვები. მაშინდელ ვითარებას კარგად ახასიათებს ერთ-ერთი ბრძანება: “გაირიცხოს ასისტენტი იოსებ გაბაშვილი (მომავალი ცნობილი ილუსტრატორი) ტროცკისტ X-სთან ურთიერთობის გამო”. ახალგაზრდა პედაგოგი ვალენტინ შერპილოვი კი სტუდენტებს შორის ”არასწორი იდეების” (იმპრესიონიზმის) პროპაგანდისთვის აკადემიიდან დაითხოვეს.

მძიმე გავლენა ჰქონდა აკადემიაზე მეორე მსოფლიო ომსაც. მასში 80-ზე მეტი მხატვარი მონაწილეობდა. მრავალი მათგანი დაიღუპა (თ. ბალანჩივაძე და სხვ.). ამ დანაკარგებისა და ბევრი სხვა სირთულის მიუხედავად, აკადემია განაგრძობდა მუშაობას და განვითარებას.

1943 წელს დაარსდა ხატვის კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სერგო ქობულაძე; 1947 წელს, დავით კაკაბაძის ინიციატივით, შეიქმნა თეატრალური სახელოსნო, რომელსაც მხატვარი თავად ხელმძღვანელობდა (მოგვიანებით ამ მიმართულებას ცნობილი ქართველი თეატრის მხატვარი ფარნაოზ ლაპიაშვილი უძღვებოდა).

1940-იანი წლების ბოლოს 50-იანი წლების დასაწყისში საკმაოდ შეიზღუდა სტუდენტთა და პედაგოგთა შემოქმედებითი თავისუფლება. აკადემიიდან დაითხოვეს მხატვარი დავით კაკაბაძე.

1950-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში აკადემიაში პედაგოგმხატვართა ახალი თაობა მოვიდა. ნიჭიერ მხატვრებთან თანამშრომლობა განაპირობებდა სკოლის მაღალ დონეს და ავტორიტეტს. სსრკ-ში განათლების სფეროს განახლების მოდერნიზაციის მიზნით,  XX საუკუნის 50- იანი წლების ბოლოს შეიქმნა სამხატვრო  აკადემიის  დახურვის საფრთხე. აკადემიის იმდროინდელი რექტორი (1959-1972), პროფესორი აპოლონ ქუთათელაძე აქტიურად ცდილობდა აკადემიის გადარჩენას. იგი არაერთხელ გაემგზავრა მოსკოვში, უმაღლეს მმართველ ინსტანციებში მხარდამჭერების მოძიებაც მოახერხა, რის შედეგადაც თბილისის სამხატვრო აკადემია დახურვას გადაურჩა. ამ პერიოდში დიდი ყურადღება მიექცა გამოყენებითი ხელოვნების დარგების განვითარებას.





1959 წელს შეიქმნა ქსოვილების მხატვრული გაფორმების, ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების, ხისა და ლითონის ნაკეთობათა და სამრეწველო ხელოვნების განყოფილებები.

1961 წელს გაიხსნა პლასტმასის ნაკეთობათა გაფორმების განყოფილება.

1961 წელს გამოყენებითი ხელოვნების ყველა მიმართულების ბაზაზე დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაარსდა.

1966 წელს გაიხსნა რესტავრაციის განყოფილება, რომელიც 2004 წელს ფაკულტეტად იქცა.

1967 წელს, პროფესორ  ლევან  რჩეულიშვილის დიდი მცდელობით, ვახტანგ ბერიძისა და სხვათა მხარდაჭერით, შეიქმნა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი, რომლის პირველი გამოშვება 1972 წელს შედგა.

2003 წლიდან რექტორ გია ბუღაძის ხელმძღვანელობით სამხატვრო აკადემიამ რეფორმები განიცადა.

2005 წელს რესტავრაციის ფაკულტეტი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტთან გაერთიანდა.

2005 წელს დაარსდა მედია ხელოვნების ფაკულტეტი, 2006 წლის იანვარში მას შეუერთდა ფოტოგრაფიის ინსტიტუტი.

დღეს სამხატვრო აკადემიაში ხუთი ფაკულტეტია: სახვითი ხელოვნების; არქიტექტურის; რესტავრაცია/ კონსერვაციის და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის; დიზაინის; მედიახელოვნების.

ამხატვრო აკადემიის დაარსების იდეა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ჩაისახა, განხორციელდა კი შემდგომ, ბოლშევიკების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში. მაშინ აკადემიას საქართველოს  სამხატვრო  აკადემია ერქვა. შემდეგ, 1931წ. მოულოდნელად ის დახურეს, 1933წ. კი ასევე მოულოდნელად აღადგინეს, როგორც თბილისის სამხატვრო აკადემია. აკადემიისათვის სახელის შეცვლა სრულიად გააზრებული იყო ახალი მმართველების მიერ; მათ სურდათ, სამხატვრო აკადემია წარმოჩენილიყო არა როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის უმაღლესი სახელოვნებო უნივერსიტეტი, არამედ - საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რიგითი  რეგიონის  უმაღლესი  სასწავლებელი. საერთოდ,  უფროსი  თაობის  მხატვრები  ძალზე  ხშირად სიამაყით უსვამდნენ ხაზს იმ ფაქტს, რომ აკადემია საბჭოთა კავშირში მხოლოდ სამი იყო - რიგაში, ლენინგრადში და თბილისში. თუმცა, იმ დროს მოსკოვშიც არსებობდა სურიკოვის სახელობის უმაღლესი სამხატვრო უნივერსიტეტი. სრულიად გასაგებია, თუ რა აძლევდა უფროსი თაობის მხატვრებს სიამაყის საფუძველს. თუმცა, ისიც  უნდა  ითქვას,  რომ ამ სახელს - “აკადემიას”  ხშირად დიდი პრობლემები შეუქმნია და დღესაც ქმნის, რადგანაც ყველა დასავლურ ქვეყანაში “აკადემია” პროფესიულად ორიენტირებულ სკოლას ნიშნავს და არა უმაღლეს აკადემიურ საუნივერსიტეტო ინსტიტუციას.  საჭირო იყო 2003 წლიდან ქვეყანაში  სწრაფად  და რადიკალურად  მიმდინარე  საგანმანათლებლო   რეფორმას არ “დაეზიანებინა” ის სტატუსი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ოდითგანვე  ჰქონდა  ანუ  აკადემიის სტატუსი რეალურად უმაღლესი სკოლის - უნივერსიტეტის შესაბამისი დარჩენილიყო.  სწორედ უმაღლესი აკადემიური ინსტიტუციის სტატუსის შენარჩუნები მიზნით შემუშვდა ე.წ. ქოლგის პრინციპი, რომელიც ყველა სასწავლო საფეხურს მოიცავდა, დაწყებული სახელობო-პროფესიულიდან უმაღლესი აკადემიურით დაგვირგვინებული. ეს ნიშნავდა, რომ საგრძნობლად  უნდა გაძლიერებულიყო  ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ფაქტორი და ამის საფუძველზე სხვადასხვა საფეხურზე სწავლებისათვის შექმნილიყო ახალი პროგრამები, ახალი მეთოდიკითა და სწავლების თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით. ამისათვის აკადემიის სტრუქტურის რეორგანიზება მოხდა.  არსებული სამი ფაკულტეტი სახვითი, დიზაინი და არქიტექტურა - ხელუხლებლად დარჩა. რესტავრაციის სპეციალობა, როგორც ერთ-ერთი სამეცნიერო დარგი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულებას შეურთდა და ახალ ფაკულტეტად (რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი) ჩამოყალიბდა. ამას დაემატა მედიის ფაკულტეტი, რის შედეგადაც შეიქმნა ხუთი სტრუქტურა (ფაკულტეტი) თავისი დარგობრივი განშტოებებით. მალევე ძალზე გაძლიერდა რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულება, რადგან, ერთის მხრივ, მოხერხდა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სრულყოფილი ბაზის, ახალი ქიმიური თუ ბიოლოგიური ლაბორატორიების შექმნა, რამაც შექმნა პირობები ამ დარგში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის; მეორე მხრივ, ხელოვნების ისტორიის და თეორიის მიმართულებასთან კავშირმა კიდევ უფრო გააფართოვა ამ დარგის თვალსაწიერი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია-კონსერვაციის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უნიკალური სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია. თეორიის და პრაქტიკის ურთიერთჰარმონიული შეთანხმებისა და ურთიერთშეთავსების გზით, ბოლონიის პროცესის მოთხოვნების კვალდაკვალ, მიუხედავად სირთულეების, აკადემია გადავიდა სამსაფეხურიან უმაღლესი აკადემიური სწავლების სისტემაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). განხორცილდა პერ-კაპიტას პრინციპი, ანუ ფაკულტეტებს სრული ფინანსური ავტონომია მიენიჭა.

უკანასკნელ პერიოდში. Erasmus+ICM გაცვლითი პროგრამები ხორციელდება ევროპის  უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში. 

სამხატვრო აკადემიის სხვა შენობები 

ცენტრალური ნაგებობის გარდა, სამხატვრო აკადემიას ეკუთვნის რამდენიმე შენობა, სადაც აკადემიის სასწავლო პროგრამების ნაწილის სწავლება მიმდინარეობს. მათ შორისაა, თაბუკაშვილის N 5-ში მდებარე ისტორიული შენობა, რომლის ნაწილი 2006 წლიდან სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის მფლობელობაში გადავიდა (შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი). აქ განთავსებულია არქიტექტურის, დაზგური ფერწერის, ქვის, მინის, კერამიკისა და ლითონის რესტავრაციის სახელოსნოები; ასევე, დიაგნოსტიკური კვლევითი ლაბორატორია (ქიმიური და ბიოლოგიური). აქვეა მცირე ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ერთი აუდიტორია.

2007 წელს სამხატვრო აკადემიას შეუერთდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი (ქუჩიშვილის N 9).  შენობა ავარიულია და მზადდება სარეაბილიტაციო პროექტი.   

გაბაშვილის ქუჩა N10-ში  მდებარე შენობაში განთავსებულია დიზაინის ფაკულტეტის მიმართულებების  ხის, მინის, ლითონის, სამრეწველო დიზაინის სახელოსნოები. III სართულზე განთავსებულია სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ყოფილი ფაბლაბი, რომელიც 2016 წელს შეემატა სამხატვრო აკადემიას). სამხატვრო აკადემიის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია 

1981 წელს შარდენის ქუჩა N19-ში მდებარე შენობაში განთავსდა ქსოვილების კათედრის შემოქმედებითი ლაბორატორია. ნამუშევართა დიდი რაოდენობის გამო, გივი ყანდარელისა და თამაზ ნუცუბიძის ინიციატივითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2001 წელს მოხდა შენობის რეაბილიტაცია; კოლექციისათვის გამოიყო კიდევ ერთი სართული და დაარსდა გობელენის მუზეუმი. მუზეუმს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ მისი დაარსების ინიციატორები.

 მუზეუმი

1928 წელს სამხატვრო  აკადემიის რექტორის ცნობილი კრიტიკოსისა და ხელოვნებათმცოდნის ალექსანდრე დუდუჩავას თაოსნობით , აკადემიის სტუდენტთა და საუკეთესო ნამუშევრების  ფონდი შეიქმნა,  საფონდო  კოლექციები გაამდიდრა საქართველოს  სამხატვრო აკადემიის  (იმჟამინდელი სახელწოდება)   პროფესორ მასწავლებელთა  და მათ საკუთრებაში  არსებული სხვ. გამოჩენილი ოსტატების  ტილოებმა:  დროთა განმავლობაში  ხელოვნების სხვადასხვა დარგის   (მეთუნეობა , თექა, ჭედურობა, ტიხრული მინანქარი და სხვ.) ნამუშევრები, დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები.

1990-იან წლების ფონდის ბაზაზე  შეიქმნა მუზეუმი , რომელიც განთავსდა  სამხატვრო აკადემიის  სათაო  შენობის მეორე სართულზე, გვიანირანული  მხატვრული სტილით  მორთულ დარბაზებში  (საზოგადოებისათვის ცნობილი –    სარკეებიანი დარბაზების სახელით).

მუზეუმის ფონდებში  დღეისათვის დაცულია  ხელოვნების სხვადასხვა დარგის  გამოჩენილ ოსტატთა  1000-ზე მეტი ნამუშევარი სახელდობრ – გიგო გაბაშვილის  ისეთი მნიშვნელოვანი  ტილოები, როგორიცაა : “ ხევსურთ  ღრეობა “,  “ხევსურები სადარაჯოზე“, თხების  საძოვარზე“, “ავტოპორტრეტი”, “სამი გენერალი“, “სამარყანდის ბაზი” (2003-2014 წლებში ნამუშევრები  დროებით ინახებოდა  თიბისი ბანკის სათაო შენობაში),  ელენე ახვლედიანის  “თელავის კუთხე”,  ალექსანდრე  ციმაკურიძის  „ბოტანიკური ბაღი “,  მოსე თოიძის “მარიამ დედოფალი “, მოხუცი  ქალი”, “მხატვრის სახელოსნოში”,  კირილე ზდანებიჩის “ნატურმორტი”, თამარ ბალანჩივაძის “კაცი თეთრი ჩალმით” და სხვ.













ფონდსაცავის მნიშვნელოვან კოლექციებს ქმნიან  მეოცე საუკუნის  20-50 წლების სტუდენტების, შემდგომში აღიარებული  ოსტატების ბორის ტირაცევის, კორნელი სანაძის, ედუარდ ამბოკაძის, დიმიტრი ხახუტაშვილის, ლევ ბოიახჩიევის, ლევან ცუცქირიძის, რენო თურქიას, ოლეგ მიშინის და სხვ. საკურსო და  სადიპლომო ნამუშევრები.

სამხატვრო აკადემიის  დაარსებისთანავე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  მიმართულებათ იქცა  მეთუნეობის სხვადასხვა დარგი. შესაბამისად სამუზეუმო ფონდები  დროთა განმავლობაში გამდიდრდა  თიხისა და ფაიფურისაგან  დამზადებული შესანიშნავი  ნამუშევრებით (ავტორები – ზურაბ მაისურაძე, ალექსანდრე ფიცხელაური, რევაზ იაშვილი,  ალდე კაკაბაძე, ნანა ბოტკოველი, ოთარ მუხიგული  და სხვ.).

 





No comments:

Post a Comment

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის შესახებ

ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, სამუზეუმო საქმის ფუძემდებლის, დიდი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული ეროვნული სამხატვრო გალ...