მოსკოვში ტრადიციულად, ყოველ გაზაფხულზე ეწყობოდა ნონკონფორმისტების
ავანგარდისტული ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა. გამოფენაზე თავს იყრიდნენ ის მხატვრები,
რომლებიც არ იაზრებდნენ სოცრეალიზმს და ამით „საფრთხეს“ უქმნიდნენ „საბჭოთა ხელოვნების“
განვითარებას.
ჯგუფის მოთავეები იყვნენ მხატვრები ოსკარ რაბინი, ევგენი რუხინი, პოეტი და კოლექციონერი ალექსანდრე გლეზერი. გამოფენები ხან ვინმეს ბინაში ეწყობოდა, ხან ღია ცის ქვეშ და წინასწარ არასდროს არ იყო დაგეგმილი.
1974 წლის გაზაფხულზე მოსკოვში, მეტრო "ბელიავოს" მახლობელ უკაცრიელ ველზე, დილის 5 სთ-ზე, გაიხსნა ნონკონფორმისტების
მორიგი ჯგუფური გამოფენა. გამოფენა ძალიან საინტერესო იყო და უცხოეთის ყველა საელჩომ
დილიდანვე დააფიქსირა. 12 საათისთვის კარგად გამოძინებულმა მთავრობამ ვერ
გაიგო რა ხდებოდა და უშიშროების კომიტეტთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა გამოფენა ბულდოზერებით
დაერბია. 12 საათზე გამოფენას ყველა მხრიდან ბულდოზერებმა შემოუტიეს. ზოგმა მოასწრო
ნამუშევრების გატანა და განადგურებას გადაარჩინა, უამრავი კი ბულდოზერებმა გაანადგურეს.
ამის შემდეგ, უშიშროების კომიტეტი მილიციასთან ერთად აპატიმრებდა გამოფენის მონაწილეებს,
რატომღაც არ აპატიმრებდნენ, (რაც ჩემთვის დღემდე გაუგებარია), მხატვრათა კავშირის წევრებს,
მათ უბრალოდ კავშირიდან ათავისუფლებდნენ.
დააპატიმრეს მწერალ ალექსანდრე პაუსტოვსკის ვაჟი, მხატვარი
ლიოშა პაუსტოვსკი და ალიოშა რაბინი. გამოფენაში
მონაწიელეობას
იღებდნენ ოსკარ რაბინი, ევგენი რუხინი, ალექსანდრე კაბაკოვი, მიხეილ სვისტნიკოვი, ბორის შტენბერგი, მწერალ შტენბერგის ვაჟი, ანატოლი ჟიგალოვი, ნატალია აბალაკოვა, ესტონელი
ტინის და მარე ვინტები, საქართველოდან: ოთარ ჩხარტიშვილი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ
კგბ-მ ძირფესვიანად დამკითხა, ამიკრძალეს უცხოელებზე ნამუშევრების გაყიდვა.
მაშინდელი
მხატვართა კავშირი უშიშროების კომიტეტთან ერთად, კგბ-ს დავალებით, ეწეოდა ჩემს დისკრედიტაციას.
ჩემს ნამუშევრებს არ იღებდნენ გამოფენებზე.
მიუხედავად
ყველაფრისა
1975 წელს მაინც ეწყობა გამოფენა მოსკოვში ალექსანდრე გლეზერის ბინაში. ალექსანდრე
გლეზერი გახლდათ ქართული პოეზიის მთარგმნელი. იმავე წელს გამოფენა ინაცვლებს ლენინგრადში,
ევგენი რუხინის ბინაზე (გამოფენა მიეძღვნა ევგენი რუხინისა და გალინა პოპოვას შეუღლებიდან
ათი წლისთავს).
1976 წელს ევგენი რუხინი ლენინგრადის კგბ-მ გაზით გაგუდა თავისივე სახელოსნოში.
მისი მეუღლე ხუთი მცირეწლოვანი შვილით დიდი წვალების და ბრძოლის შემდეგ გარბის ამერიკის
შეერთებულ შტატებში, ოსკარ რაბინი პარიზში, ზოგი საით და ზოგი საით. ასე დაიშალა ეს ჯგუფი,
რომლის შემოქმედებამაც მისცა ახალი იმპულსი რუსულ და საბჭოთა ავანგარდს.
ტექსტი დაიბეჭდა წიგნში „კონტრკულტურა საქართველოში -1960/80-იანი წლები" . 2000 წელი
No comments:
Post a Comment