წერილი "მუდმივი საფიქრალი" დაიბეჭდა გია ბუღაძის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ კრებულში "თვალ-საზრისი".
XX საუკუნის ქართულ მხატვრობაში 80-იანი წლები თუ „ოთხმოციანელთა“ შემოქმედება
რომ განსაკუთრებული მოვლენაა, დღეს, მგონი, საკამათო არცაა, თუმცა რა იყო სახელდობრ
ეს პერიოდი, რით იყო მნიშვნელოვანი და მოასწავებდა თუ არა ის კულტურის ღრმა, თვისობრივ
ცვლილებას, ჯერაც გასააზრებელი და დასასაბუთებელია. ოთხმოციანელთა ასპარეზზე გამოსვლა
ოთხმოციან წლებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, ამ ფაქტის გააზრებას კი, როგორც ჩანს, ჩვენთვის
ჩვეული ტემპის გათვალისწინებით, პატარა პაუზა დასჭირდა; აქედან მოდის ამ ხელოვანთა
ერთ თაობად გაერთიანება ოთხმოციანელთა სახელის ქვეშ. სხვა ძირეულ ნიშან–თვისებათა გარდა
არის ერთი რამ, რაც ასევე ამ პერიოდს უკავშირდება; სახელდობრ, შეიცვალა თაობის, როგორც
მეტ–ნაკლებად ერთმანეთის მსგავსი ინტერესების თუ ესთეტიკის გამზიარებელ შემოქმედთა
პლეადის მნიშვნელობა. მართლაც, ძნელად მოიძებნება ამდენად განსხვავებული მხატვრული
გემოვნების, მიდგომის, ხელწერის მქონე ერთი თაობის ადამიანთა სხვა
მაგალითი ქართულ კულტურაში, რომლებმაც ამ, ზოგჯერ კარდინალური სხვაობის მიუხედავად,
ახალი მსოფლმხედველობის გზა გაკაფეს და თან ისე, რომ თითოეულს მყარად სწამდა საკუთარი მხატვრული კრედოს
ჭეშმარიტება და თვალი არასდროს გაქცევია განზე.
თითქმის ოთხი ათეული
წლის შემდეგაც ამ შემოქმედთა ასეთი განსხვავებულობაა იმის მიზეზი, რასაც ზემოთ შევეხე:
თვითმხილველთა მეხსიერება, თუ ემოცია აშკარად მოწმობს ამ პერიოდის ხელოვნების მნიშვნელობას, მაგრამ
ვიზუალურად სარწმუნო საბუთად ჯერაც ჭირს მათი მხატვრობის ერთად გამომზეურება. ეჭვსგარეშეა, თითოეული მათგანის ჩანაფიქრისა და მისი ხორცშესხმის გასიგრძეგანება,
მსგავსება–განსხვავების მონიშვნა მოგვცემს მეტ–ნაკლებად მწყობრ კონცეფციას ამ ეპოქის
საერთო სურათის მოსანიშნად. ამ საქმეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ისიც, რომ
80-იანელთა დიდი უმრავლესობა
დღეს ქართული მხატვრობის ერთ–ერთ მთავარ გამწევ ძალას წარმოადგენს და ეს მათი შემოქმედების განვითარებაზე თვალის მიდევნების მშვენიერ საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ადამიანს.
გია ბუღაძე 80-იანელთა თაობის ერთი გამორჩეული წარმომადგენელი – ყველაზე დაუდგრომელი, ნაყოფიერი, ღრმად ინტელექტუალური და ძალიან ფართო მხატვრული დიაპაზონის მქონე მხატვარია. იგი შემოქმედთა საკმაოდ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან მიაჩნია, რომ გ ა ა ზ რ ე ბ ა ისეთივე მნიშვნელოვანი აქტია, როგორც შეგრძნობა, რაც, საბოლოო ჯამში, სურათის თემისა და მისი მხატვრული ფორმის მიმართ მხატვრის პრინციპულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ზემოთ უკვე ნახსენები მრავალგვარი განსხვავების მიუხედავად, ქართული კულტურის უკლებლივ ყველა მკვლევარი, ამა თუ იმ ფორმით აღნიშნავს, რომ ოთხმოციანელებმა ახალი აზრი და შინაარსი შესძინეს მხატვრობას, ახლებურად გაიაზრეს მისი როლი და დანიშნულება. მაგრამ ამ სრულიად მართებული დასკვნის შემდგომი ინტერპრეტაცია სხვადასხვა ავტორთან საგრძნობლად სხვაობს. ერთნი ამ უდავო ფაქტს სოცრეალიზმის ეპოქაში ჩვენში გაბატონებულ თუ ლამის თვითმიზნად ქცეულ სუფთა ფერწერულ საშუალებათა ოსტატურ გამოყენებას უპირისპირებენ, სხვანი ყურადღებას დასავლურ მხატვრულ ღირებულებათა მოჭარბებას მიაწერენ და მაგალითად ნეორომანტიკული მხატვრობის ერთგვარ გამოძახილად აღიქვამენ. ვფიქრობ, მხოლოდ ამ სიბრტყეზე არ უნდა ვეძიოთ ოთხმოციანი წლების ქართული მხატვრობის ფენომენი და შევეცდები გია ბუღაძის შემოქმედებიდან რამდენიმე მაგალითის ანალიზით და შეპირისპირებით ასე დავსვა საკითხი: ოთხმოციანელები მოვიდნენ მათთვის სრულიად უცხო მხატვრულ გარემოში ახალი იდეებით და ამ გარემოსგან სრულიად დამოუკიდებლად დაიწყეს არსებობა თუ, შესაძლოა გაუცნობიერებლადაც, ახალი დროისა და ისტორიული რეალიების გათვალისწინებით, ხელეწიფათ იმ უხეშად ჩახშობილი, მინავლებული, მაგრამ არჩამქრალი მხატვრული იმპულსების ხმობა, რომლებიც ზოგადად ქართული კულტურის მუდმივი საფიქრალია და კანტიკუნტად, მაგრამ მაინც იჩენდა თავს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სოცრეალიზმის თითქოს უდრეკი ფორმულის მარწუხებში მყოფ ქართულ მხატვრობაშიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუფთა ფერწერულ პრობლემებში „ჩაძირულ“ ქართულ მხატვრობას, არასოდეს უცდია განა ამოყვინთვა ამ საიმედო თავშესაფრიდან, არ უნიშნებია, რომ ცოცხალია და მომავლისკენ არ გაუგზავნია მხატვრული იმპულსები? გია ბუღაძის და ოთხმოციანელთა მხატვრულმა და ინტელექტუალურმა პოტენციამ და ენერგიამ , ვგონებ, ახალი კალაპოტი მოუძებნა XX საუკუნის დასასრულის ქართულ კულტურას, პარალელურად კი, იმ ძირეულ სააზრისო ღირებულებებს უერთგულა, რომლებიც ამ კულტურის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას შეადგენდა და შეადგენს. ნიჭი, ინტუიცია, შემოქმედებითი პოტენციალი, შრომისმოყვარეობა, ინტელექტი, სულიერი წვა და დაუცხრომელი ინტერესი დასჭირდა კულტურის იმ ახალი პარადიგმის ჩამოქნას, რომელმაც ახალი მსოფლმხედველობის სადარი მხატვრული ფორმა და სამეტყველო ენა მოუტანა ქართულ ხელოვნებას გასული საუკუნის მიწურულს.
მივყვეთ მოვლენებს და გია ბუღაძის პირველი, ხმაურიანი და საყოველთაო აღიარების მომტანი გამოფენა გავიხსენოთ, რომელიც 1985 წელს „მხატვრის სახლში“ გაიმართა. გამოფენას „ისტორიიდან“ ერქვა და მასში ორი ახალგაზრდა მხატვარი გია ბუღაძე და ლევან ჭოღოშვილი იღებდნენ მონაწილეობას. პირველ მათგანს „ქართლის ცხოვრების“ სერია, ხოლო მეორეს ქართველ მეფეთა პორტრეტები და ისტორიულ თემაზე შექმნილი „ზურაბ არაგვის ერისთავის მოკვდინება“ ჰქონდა წარმოდგენილი. გამოფენის წარმატება დიდად გასცდა საინტერესო მხატვრული მოვლენით გამოწვეულ დადებით შეფასებას, გინდა აღფრთოვანებას და საზოგადო მნიშვნელობის მოვლენად იქცა, რომლის თანაზიარი იმხანად ერთნაირად იყო ხელოვნებით დაინტერესებული, თუ განზე მდგომი მეტ–ნაკლებად ინტელექტუალი მაყურებელი. ბარემ აქვე ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ძალზე სხვაობდა „მხატვრული ფორმა“ (გია ბუღაძის დიდი ზომის კომპოზიციებს თითქოს ნათელი გადასდიოდა, ხოლო ლევან ჭოღოშვილის ასევე დიდი სურათების მუქი ფონი დრამატულად ჟღერდა) ამ გამოფენას ღრმა შინაგანი მუხტი გასდევდა, რადგან გასაოცარ უნისონში იყო მთლიანად მისი შინაარსი.
რა ეხატა გია ბუღაძის მიერ ინტერპრეტირებულ ქართლის ცხოვრებაში? დიდი მთა–გორებით გარშემორტყმული, ოდნავ ზემოდან დანახული, გაშლილი, ნათელი პეიზაჟები; ზოგჯერ დიდი და ზოგჯერ პატარა ფიგურებით. იმის მიუხედავად, ამოიცნობდი თუ არა კონკრეტულ ისტორიულ ფაქტს, ის მაინც ა მ ბ ა დ განიცდებოდა, არა ოდესღაც მომხდარ, განყენებულ ისტორიად, არამედ ცოცხალ ამბად, რომლის მონაწილე თუ არა თანაგანმცდელიც ნამდვილად იყავი. იმ პერიოდისთვის ამ სურათების ერთი მთავარი მახასიათებელი – თხრობითობა, საკმაოდ პირობით მხატვრულ ენაზე შესრულებული პეიზაჟისა და ადამიანის განუყოფლობაშიც მდგომარეობდა, ნაცვლად მათი ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩვეული გულგრილი და ფორმალური არსებობისა. ჩვენი ცხოვრების რიტმისგან განსხვავებულ დინჯ, ეპიკურ, რომანტიკულ წყობას თითქოს ზღაპრის შთაბეჭდილება უნდა აღეძრა მაყურებელში, მაგრამ ეთნიკურ მახასიათებლებს საგანგებოდ და პირწმინდად მოკლებული სერია გულწრფელ განცდას ტოვებდა, რომ XX საუკუნის ადამიანი დიდი ხნის წინ გარდახდენილ ამბებს ცოცხლად, ლამის მიმდინარე ისტორიულ ქრონიკად აღიქვამდა. წარსულის გაიდეალებისა თუ რეტროსპექციისკენ მიდრეკილ ქართულ კულტურას იმხანად, გია ბუღაძის ამ სერიის ხილვამდე, ჯერაც ვერ მიეგნო მისი წარსულის, როგორც ეროვნული იდეის ასახვის, ისეთი მხატვრული ფორმისთვის, რომელიც გამოსახულებას მრავალმნიშვნელოვან, მაგრამ ფუყე ალეგორიად არ გადააქცევდა ან, კიდევ უარესი, როყიო მედიდურობით სრულიად არ ჩაკლავდა მასში სიცოცხლის ნიშატს.
იყო,
განა არ იყო, გარკვეული სახის თხრობითობა შრომის, საბჭოთა აღმშენებლობის, სახალხო
დღესასწაულების თუ ყრილობების ამსახველ სოცრეალისტურ მხატვრობაში, მაგრამ საფუძველშივე
ყალბი იდეა გულგრილს ტოვებდა მაყურებელს.
1960-70-იანი
წლებიდან მოყოლებული ასეთივე უმეტყველო ნიშნებად
იქცა მთელი საქართველოს მასშტაბით საავტომობილო ტრასებზე მდებარე ავტობუსების გაჩერებებზე,
ან სოფლების შუაგულში ეულად მდგომ მემორიალებსა და ობელისკებზე უხეში, მოზაიკის მსგავსი
ტექნიკით გამოსახული დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა თუ ყინწვისის ანგელოზის გამოსახულებები.
გადიდებულ-დამახინჯებულნი, გაუხეშებულნი და კონტექსტიდან ამოგლეჯილნი ისინი გაუცხოებულად
აღიქმებოდნენ სრულიად შეუფერებელ გარემოში.
განა
დამაფიქრებელი არ არის, რომ სრულიად ახალგაზრდა მხატვრის მიერ გაცოცხლებული თხრობითი
სურათის ეს თითქმის დავიწყებული ტრადიცია ერთბაშად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაიგო, მიიღო
და აღიარა საზოგადოებამ? განა ეს „მომხმარებლის“ მზაობაზე ან უკეთ, პირდაპირ დაკვეთაზე
არ მიუთითებს, რომლის სათავეც ათეული წლების განმავლობაში ყველასათვის კარგად ცნობილი
ყალბი იდეალების ქადაგებაში უნდა ვეძიოთ.
იმ
გამოფენაზე წარმოდგენილი ქართლის ცხოვრების სერიით გია ბუღაძემ მხატვრობაში მხოლოდ თხრობითობა კი არ
დააბრუნა, ისეთი მხატვრული ფორმა მოუძებნა მას, რომელიც კონკრეტულ გამოსახულებას ან
კომპოზიციას სახე-ხატად აქცევს და ეროვნულობის დიდხანს ნათმენი წყურვილი ცოტათი მაინც მოუკლა მაყურებელს. გაჩნდა შეგრძნება,
რომ ხელოვნებას ესთეტიკური კომპონენტის გარდა,
რაზეც უარი პრაქტიკულად არასოდეს უთქვამს ქართულ ფერწერას, გაცილებით ღრმა, მასაზრდოებელი
ფუნქცია გააჩნია, ხოლო ხელოვნების ნაწარმოები მზადაა დიალოგში შევიდეს მაყურებელთან.
ნათელია ისიც, რომ ეს არა მხოლოდ შემოქმედებითი ინტუიციის წყალობით მოხდა არამედ ნაფიქრი
და გააზრებულიც იყო. გია ბუღაძე თავად წერდა ხელოვნების მრავალგვარ დანიშნულებაზე და
მის ხასიათზე: „მხატვრობა-მონოლოგი, დღესდღეობით, ყველაზე გავრცელებული ფორმაა მხატვრობისა,
როგორც თვითგამომსახველი სუბიექტისა. ახალი ტიპის მხატვრობა, უფრო სწორად, მიდგომა,
რომელსაც ვგონებ მომავალი გააჩნია, ესაა მხატვრობა-დიალოგი, ალბათ, ამ რიგის განვრცობა
შემდეგშიც იქნება შესაძლებელი.“[1]
საინტერესო
თემაზე სერიებად მუშაობის ტრადიციას მხატვარი დღემდე აგრძელებს და ამგვარად, თითქოს
იკვლევს, თუ მიიკვლევს გზას სახე-ხატებით სამყაროს შეცნობისკენ. შემეცნების ერთ–ერთ
უმნიშვნელოვანეს წყაროს კი, ქრისტიანული თემატიკა წარმოადგენდა მისთვის, რადგან მოზღვავებულ
კითხვებზე პასუხები უმეტესწილად სულიერ და
ინტელექტუალურ სფეროში იყო საძიებელი. „ჯვრის
ზიდვის“ სერიაში გაერთიანებული ლაკონიური კომპოზიციების
ცენტრში წარმოდგენილი ერთადერთი პერსონაჟი ყველა სურათზე მეორდება მაყურებლის თვალწინ. სურათების კოლორიტი უბრალოდ მუქი ან ღია კი არაა,
არამედ მუქიდან ამონათებული ნისლივით გარს ეხვევა ფიგურას; იცვლება რაკურსი, კადრი ხან შორდება მაყურებელს,
ხან ისევ ახლოს მოდის. ადამიანისა და ჯვრის თითქოს შენივთებული გამოსახულება სადა,
თითქოს სტატიკურიც კია; მხოლოდ სხვადასხვა მხარეს მიმართული თეთრი შტრიხებით დასერილი გარემო ბორგავს
მის გარშემო, რითიც დინამიკას და დრამატულ ჟღერადობას სძენს მთელ სერიას. საინტერესოა
ის გარემოებაც, რამდენად გასაგები იყო ქრისტიანული მსოფლმხედვლობისგან საკმაოდ დაშორებული საზოგადოებისთვის ამ ციკლის
ნამუშევრების მთავარი სათქმელი და, ვფიქრობ,
ამ ბარიერის გადალახვას ფორმისა და შინაარსის – სისადავისა და სიღრმის ზუსტმა თანაფარდობამ
შეუწყო ხელი. იმ ეპოქაში,
როდესაც საზოგადოების
დიდი ნაწილი
ქრისტიანული რელიგიის
ნარატივთა გაცნობას
საჭიროებდა, ამგვარი
ვიზუალური სახე-ხატები სულიერი ყავარჯნების
მნიშვნელობას იძენდა
და თანამედროვე
ადამიანს სულიერი
ღვაწლის სიღრმეზე
მოუთხრობდა. ის სისადავე, თითქმის მინიმალიზმი, რომელსაც მხატვარი ფიზიკური თუ სულიერი ვნების გადმოსაცემად ირჩევს,
სასურათე ზედაპირის მთელ არეალს განსაკუთრებული ძალით მუხტავს. აქ ერთნაირი მნიშვნელობა
ენიჭება ფიგურასაც და მის გარშემო დახვავებული შტრიხების ენერგეტიკულ ველს; სხვა ყველაფერი
ზედმეტია თითქმის ფორმულამდე დაყვანილი ასკეზის გადმოსაცემად.
ყოველივე კონკრეტულისგან განზე ლტოლვა და მისი განზოგადების
დაუძლეველი სურვილი ქართული კულტურის იმ უცვლელ მახასიათებელთაგან ერთ–ერთია, რაც ყველა
ეპოქისა და ხელოვნების ნებისმიერი დარგის ნაწარმოებში ჯიუტად იჩენს ხოლმე თავს. იოლად ამოსაცნობი კონკრეტული დეტალების და მატერიის უგულვებელყოფა ადვილად ასახსნელი შეიძლება
იყოს, როდესაც საქმე სულიერების და რწმენის
ირაციონალურ სანახებს ეხება, მაგრამ როგორ იქცევა სრულიად მიწიერი დეტალი სიმბოლურ
ხატად, როდესაც მოგვიანებით გია ბუღაძე თითქმის დანგრევის პირას მისულ ძველი თბილისის ქუჩებს და
სახლებს ხატავს? ნიშანდობლივია, რომ ყოფითისა და განზოგადებულის ურთიერთმიმართებაზე
სწორედ იმ ნამუშევრების თვალიერება დაგაფიქრებს, რომლებზეც მთაწმინდის და ავლაბრის ფერდობებზე შეფენილი სახლების დაბრეცილი სახურავები, ოღროჩოღრო ქვაფენილი, სიძველისგან
დაყირავებული შუშაბანდებია გამოსახული. ალბათ, ადვილი გასაგებია ნოსტალგია რომანტიკული
ხიბლის მქონე ძველი შენობების და ქუჩაბანდების ხილვისას, მაგრამ მალევე ამჩნევ, რომ
სახურავები ელექტროსადენების აბლაბუდაშია გახვეული, ეზოში დაბრეცილ თოკზე სარეცხია გაფენილი, ხოლო ვიწრო ქუჩებში გაზის ვეებერთელა სადენები გაჭირვებით მიუყვება
მიხვეულ–მოხვეულ აღმართებს. ერთი შეხედვით, მაყურებლის სევდანარევი რომანტიკა ერთბაშად
უნდა „დაამიწოს“ გაზის მილზე დასათბუნებლად შემოხვეულმა ჭუჭყიანმა სახვევმა, ან მშენებარე
სახლის ფასადზე ჩამოფარებულმა ლურჯი ცელოფნის
მოფრიალე ფარდებმა... მაგრამ საქმე მაინც ცოტა სხვაგვარადაა; ჩვენი ყოველდღიური ყოფითი გარემოს საცნაური ნიშნები
ამ ნამუშევრებში სულაც არ ემსახურება რეალობის რომელიმე იპოსტასში ასახვას – რომანტიკული, ეგზოტიკური, ან სულაც კრიტიკული რეალობა. მთელი
დეტალში და დეტალი მთელში შეიძლება უწოდო ამ მხატვრულ მეთოდს, რეალობისა და ირეალობის
ზღვარზე რომ გაგატარებს ძველი თბილისის ისეთ ქუჩაზე, სადაც დღე და ღამე ერთდროულად
თანაარსებობს, სახლის ჩრდილი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს, ამოყირავებული საგზაო ნიშნის
ისარი კი ცისკენაა მიმართული. ალბათ, ამის შესახებ ამბობს გია ბუღაძე: “ხელოვნების
წარმოსახვითი სამყაროსა და სინამდვილის დაპირისპირების დროს წარმოიშობა მრავალი პრობლემა,
რადგან ხელოვნება არ უნდა მივიჩნიოთ არსებობის, სინამდვილის ერთგვარ დანამატად ან ამ
რეალობიდან გამომდინარე ესთეტიკურ ყოფიერებად. იგი ასევე არ უნდა გავიგოთ სინამდვილის
შემეცნების ნაყოფად, რეალობის წარმონაქმნად თუ წამონაზარდად.“[2] ამიტომაც
თამამად ერთვის ძველი ქუჩების სიმყუდროვეს მისი ხელითვე შესრულებული ჩანაწერები, როგორც
ჩვენი დროის ანაბეჭდი – კითხვების, ვარაუდის, ეჭვის და ფიქრის მოუსვენარი სპონტანური
ნაკადი.
როგორც უკვე ზემოთაც ვთქვი, XX საუკუნის ბოლო
მეოთხედი ახალი მხატვრული დიაპაზონის, ბევრ ახალ კითხვაზე სავარაუდო თუ სარწმუნო პასუხების
მოძიების ხანა იყო.
გია ბუღაძე იმ დროიდან მოყოლებული დღემდე (რა აღარ დაიტია
ამ 30 თუ 35 წელმა!) შეუპოვარი ენერგიით სდევს
ყველაფერს, რითიც ა ზ რ ი ს სახოვანი ფორმით გამჟღავნება და გაზიარება შეუძლია.
ლიტერატურული, მუსიკალური, ემოციური ასოციაციების გრძელი ჯაჭვი ისაა, რისი გაღვივებაც
მას სურს მაყურებელში; დაუღალავად ცდილობს მხატვრობის მთელი არსენალი უფაქიზეს ტონალური ფერწერიდან ანაბეჭდის
ეფექტურ ლაკონიურობამდე ამ მიზნის სამსახურში ჩააყენოს, ყოველდღიურობის მორევს მოგვწყვიტოს
და „შინაგანი განცდის სამყაროს“ გვაზიაროს. დიდი და სერიოზული ამოცანაა, რომლის გადაჭრას
კვლავაც დიდი ნიჭი,
ღრმა ინტელექტი და იმის რწმენა
სჭირდება, რომ ხელოვნებას აღმოჩენის, გაოცების, გაცხადების სიხარული მოაქვს.
ხელოვნებისადმი გია ბუღაძის უსაზღვრო ერთგულების ნაყოფი კი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში
მისი ფეერიული, მასშტაბური გამოფენების ჩვეული
მოლოდინი და სხვადასხვა თაობის მაყურებელთან შეხვედრით გამოწვეული სულიერი მღელვარებაა.
No comments:
Post a Comment