არა მგონია, თუგინდ ერთი ნარკვევი არსებობდეს ბოლო ათწლეულების ჩვენებურ სახვით შემოქმედებაზე, რომელშიც არ იყოს ნახსენები 1985 წელს, მაშინდელ “მხატვრის სახლში” გამართული გამოფენა “ისტორიიდან” და ის ჩვენს სახელოვნო ცხოვრებაში ერთგვარ მიჯნადაც არ იყოს აღიარებული. მართლაც, მაისის იმ დღეებში ქართულმა საზოგადოებამ არა მხოლოდ ორი ანგარიშგასაწევი მხატვარი, გია ბუღაძე და ლევან ჭოღოშვილი აღმოაჩინა, არამედ, გაცილებით მეტიც შეიტყო. ნათელი შეიქნა, რომ ჩვენებურ ფერწერაში მობრუნდა თხრობითი შინაარსი, რომელიც 25-ოდ წელი ან საერთოდ აღარ ჩანდა (მაგ., ე.წ. ორმოცდაათიანელებთან) ან კიდევ მეტაფორულ-ალეგორიული სახეებით თუ მოგვევლინებოდა (როგორც, თუნდაც, ნ. იგნატოვთან, ანდა თ. გოცაძესთან); რომ ისტორიული სურათი შეიძლება არც დოკუმენტური (თუ ფსევდოდოკუმენტური) რეკონსტრუქციის მჩემებელი იყოს (როგორც XIX ს-ის ბევრ ევროპულსა თუ რუსულ ტილოზე), არც ხოტბით-განყენებული (ასეთია მაგ., ვალ. სიდამონ-ერისთავის ნამუშევრები, თუ დავ. გაბაშვილის “თამარ მეფე”), არც ზღაპრულ-მითოსური (როგორც ლადო გუდიაშვილთან, თუ სევერიან მაისაშვილთან) _ არამედ, შესაძლებელია, თურმე, ოცი, ერთი, თუ ნახევარი საუკუნით ადრე მომხდარი ამბები უშუალოდ, ახლობლად იყოს განცდილი და ამის წყალობით ჟამსგარეთი, შესაბამისად კი, მარად თანადროულიც გახდეს; რომ “ხედვა”-ხელწერით ეგზომ განსხვავებულ მხატვრებს რაღაც ისეთი სიღრმისეული აქვთ საერთო, რაც გარკვეული მიმართულებისა თუ მიმდინარეობის არსებობას მოწმობს.
მაგრამ ყოველივე ეს ყველასთვის როდი იყო ახალი და მოულოდნელი. ხელოვანთა და ხელოვნებათმცოდნეთა ვიწრო წრე საიმდროოდ უკვე რამდენიმე წელიწადია გაეტაცებინა ძიება-მისწრაფებებს, რომელთა გეზი არ ემთხვეოდა იმჟამად წამძღოლ შეხედულებებს. თუ წინამორბედი თაობა “სოციალისტური რეალიზმის” ფუტურო “სიუჟეტურობით” გაბეზრებული, სიტყვიერად მაინც, უპირატესობას “წმინდა” სახვითობას ანიჭებდა, 1970-იანი წლების შუახანა-მიწურულის ახალგაზრდებმა წინ სულიერ-აზროვნებითი საწყისი დააყენეს; თუ წინამავალთათვის ამოსავალი XIX-XX საუკუნეების ფრანგულ-პარიზული მხატვრობა იყო იმიტომ თუნდაც, რომ მათთვის ყველაზე მისაწვდომ მოსკოვისა და პეტერბურგის (იმხანად _ ლენინგრადის) მუზეუმებში სწორედ იქაური ნაწარმოებების საუცხოო კოლექციაა, იმპრესიონისტებიდან ფოვისტ-კუბისტების ჩათვლით, ახლა თვალსა და გულს შუასაუკუნოვანი, უწინარესად ქართული მოხატულობა-ხატებიც იტაცებს, გერმანელი რომანტიკოს-ნეორომანტიკოსებიც, ინგლისელი პრერაფაელიტებიც, დაბოლოს, “პოსტმოდერნისტი” ამერიკელებიც. თუ “უფროსებს” მსოფლმხედველობა დიდწილად მომატერიალისტო-მოჰედონისტო ჰქონდათ, “უმცროსების” მსოფლხატი უფრო რელიგიურია, ქრისტიანულად შეფერილიც.
ამ გზაზე შემდგართა შორის გამორჩეულთაგანი იმთავითვე 1985 წლის გამოფენის მომავალი “გმირები” გ. ბუღაძე და ლ. ჭოღოშვილი იყვნენ. ისე მოხდა, რომ ორივე საკმაოდ ადრე გავიცანი და საკმაოდ კარგადაც. ლევანის და ჩემი სტუდენტობა თბილისის სამხატვრო აკადემიაში თითქმის თანხვდენილი გამოდგა, მისი მეუღლე ხელოვნებათმცოდნე, ე.ი. ასევე ჩემი თანამოსწავლე გახლდათ; მერე და მერე სხვა მაკავშირებლებიც წამოჩინდა, ადამიანურ-პიროვნულიც და განწყობა-განწყობილებითიც. აი, გია ბუღაძეს კი (მართალია, მას კარგა ხანია ეკუთვნის “გიორგი”-თ იწოდებოდეს, მაგრამ აკი თქმულა ჩვენში, “ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო”), ჩემს მსმენელთა რიცხვში შევხვდი. მასწავლებლობა ძალიან ადრე 41 წლის წინ დავიწყე და მხატვრების ერთ-ერთ ჯგუფში, რომლისთვისაც მომიწია ქართული ხელოვნება გამეცნო, ჩემი თანამოთაობენი დამხვდნენ _ სხვებთან ერთად კი, გიაც. ჩემს ახლგაზრდობაში და, ვეჭვობ, ახლაც, ფერწერა-გრაფიკა-ქანდაკების განხრის სტუდენტები ჩვენს ეროვნულ მხატვრულ დანატოვარს, უმრავლესად არც სწავლობდნენ და არც სწყალობდნენ. არის, ოღონდაც, გამონაკლისებიც, და იმათგანი იყო გია ბუღაძეც (მერაბ აბრამიშვილიც, ლევან ლაღიძეც, ნანა ყუფარაძეც). იგი არა მხოლოდ დიდი გულისყურით ეკიდებოდა ჩვენს სამსჯელოსა და სათვალიერებელს, მასში ჩაძიებითაც გარკვევასაც იყო მოწადინებული _ სვამდა კითხვებს, გამოთქვამდა ვარაუდებს, იძლეოდა შეფასებებს... ერთი სიტყვით, სწავლება-მოსმენის მიღმა ურთიერთობაც გაიბა, რომელიც მცირედი შუალედით შემდგომაც გაგრძელდა. ჯერ იყოდა, გიას პირველი საჯაროდ გამოფენილი სურათები ვნახე, ცოტა ხანში კი, შესაძლებლობა მომეცა, მის “სამზარეულოშიც” ჩამეხედა, ვწვეოდი მას ფერწერის სახელოსნოში, თუ მის საკუთარ სამუშაო ოთახში პ. ინგოროყვას (იმ დროს _ ჯერაც ძერჟინსკის) ქუჩაზე. რა თქმა უნდა, ახლად დასრულებული, თუ სულაც ჯერეთ დაუბოლოვებელი ნამუშევრების დათვალიერების გარდა, ჩვენ ბევრსაც ვსაუბრობდით და რაზე აღარ _ წინანდელსა თუ აწინდელ ხელოვნებაზე, რწმენა-ურწმუნოებაზე, ჩვენი ქვეყნის ნამყოსა და მყოფადზე. ამ შეხვედრებისას დამიდასტურდა და განმიმდკიცდა მანამდელი შთაბეჭდილება გიაზე, როგორც ფართო თვალსაწიერის, მეტის და მეტის მოსწრაფე ადამიანზე, დაუღლელ მკითხველსა და მუსიკის დაუქანცველ მსმენელზე (1970-1080-იანი წლების მიჯნა ხომ ბედნიერი შუალედი იყო “ბითლზებისა” და მათზე კიდევ უფრო ხმაურიან მომღერალ გიტარისტ-მოდაფდაფეთა კულტებს შორის, როდესაც შეიძლებოდა, მაგ., თბილისის უნივერსიტეტის დარბაზში ფ. შუბერტსა და გ. მალერზე ახალგაზრდების საუბრისათვის მოგეკრა ყური). და ასეა ეს დღევანდელ დღემდე და, უთუოდ, კვლავაც ასე იქნება. ბუნებრივია, ყოველ ჯერზე სიტყვა გიას საკუთარ მიზნებსა და მისწრაფებებზე, ჩვენი ხელოვნების იმდროინდელ ვითარებაზეც ჩამოვარდებოდა ხოლმე. ამ საუბრებისას გამოიკვეთა, რომ მას, და არა მხოლოდ მას, აზრის გამომაჩენელი იდეალების დამამკვიდრებელი მხატვრობისაკენ მიუწევს გული და ესაა სწორედ, რასაც იგი, და მთელი რიგი სხვა, მისი მეტ-ნაკლებად თანამოაზრე ხელოვანი, თავის საკეთებლად რაცხს. მაშინ მეგონა და ახლაც ამავ აზრის ვარ, არსებითად, რომ ჩვენს გარშემო, თუნდაც ვიწრო წრეში, ისევ მოძლიერებულიყო რომანტიკულობის სულისკვეთება: აბსოლუტურის, უპირობოდ ღირებულის, წარუვალის მძაფრად განცდისა და მისი ერთგულება-მსახურებისკენ აზრით ლტოლვა. მხატვარს, შეიძლება ითქვას, როგორც ყოველთვის, საკუთარ ეროვნულში საყოველთაოსა და ზეჟამიერის მიგნება-გადარჩენის მოთხოვნილების გაღვივებაც სდევდა თან. რა დასამალია, ასეთივე გახლდათ ჩემი ნაგრძნობ-ნანატრიც და სულაც არ ყოფილა უსიამოვნო თანამოაზრეთა მთელ გუნდს გადასწვდომოდი. რასაკვირველია, იმის სურვილიც გაჩნდა, ამ ერთობის შესახებ სხვებსაც შეეტყოთ და, ეგებდა, გაეზიარებინათ კიდეც ჩვენი გულისნადები. ვერ კი ვიტყვი, ამის ძალიან გვეიმედებოდა-მეთქი.
საქმე ისაა, რომ ჩვენში საიმდროოდ უკვე საკმაოდ მძიმე გამოცდილება დაგროვილიყო. 1970-იან წლებში “შემოქმედებითი” თუ “გონებრივი” დარგების არაერთ ახალგაზრდა მუშაკს მოსდომებია შეკავშირება, იმგვარი გაერთიანების შექმნა, რომელიც მარტოოდენ ლიტონ კეთილგანწყობასა თუ ურთიერთშეჩვევაზე კი არა, რამ ისეთ, ილიასი არ იყოს, “საერთონი ალაგზე” იქნებოდა დაფუძნებული, მერე და მერე, ერთიც ვნახოთ, მრავალთ რომ მოიზიდავდა და საზოგადოებრივი ქმედითობის ძალას შეიძენდა. ამას ვინ შინაურობაში ცდილობდა, ვინ (მაგ., ბიძინა ჩოლოყაშვილი, ან გიორგი მარჯანიშვილი) სხვადასხვა, თუნდაც “ახალგაზრდა მეცნიერთა” სახელმწიფოსგან ნებადართული სტრუქტურის შიგნით. და როგორც წესი, ყველა ეს წამოწყება კერძო საუბრებისა თუ რამდენიმე, არაფრის, სულ ბევრი, მცირედის მომტანი სხდომის იქით არ წასულა. მიზეზი მარტივიც იყო და ძნელად დასაძლევიც _ გათითოკაცება ჩვენი უკვე დაშლილი სოციუმისა და მისი თანმხლები ურთიერთისადმი უნდობლობა, აქამდე მოურჩენელ ჭირად რომ მოჰყვება ჩვენს ყოველდღიურობას. ამიტომაც ჩვენი უახლესი რომანტიზმი თუ ნეორომანტიზმიც, კაეშნიან ოცნებად განქარდებოდა, თუ არა გია ბუღაძე. თავიდან, აბა, საიდან მეცოდინებოდა, ასე იმპულსურ-არტისტული, თავისი მონაფიქრითა, გინდა, რიჰარდ ვაგნერის მუსიკით გატაცებული ადამიანი საზოგადო ქმედების ეგზომი წყურვილით თუ იქნებოდა დაჯილდოებული. მალე დავრწმუნდი, რომ უკეთუ რასმე საჭიროდ ჩათვლიდა, გია არ უყურებდა, შეიძლება ითქვას, არც სცნობდა დაბრკოლებებსა და ხელისშემშლელ გარემოებებს, მოხელეთა ამრეზილობა იქნებოდა ეს, თუ ხელოვანთა იჭვნეულობა. მისაღწევის აუცილებლობის რწმენით აღძრულმა ენერგიამ შეაძლებინა მას მოეწყო მომცრო ჯგუფური გამოფენები მომცროსვე, “მეორეხარისხოვან” დარბაზებში (მაშინდელ “ხელოვნების მუშაკთა სახლში” ივ. მაჩაბლის ქუჩაზე, მხატვრის სახლის პატარა სივრცეში ქვაშვეთის ეკლესიის ჭიშკრის მოპირდაპირედ), სადაც მიზანსწრაფვათა სიახლოვეც ჩინებულად გამოჩნდა და, რას იზამ! _ გრძნობიერებისა და განსჯისმიერი დამაშორიშორებელიც. ამიტომ იყო, რომ თუმცა ზემოხსენებული გამოფენის “ისტორიიდან” გასამართად გ. ბუღაძემ არაფერი დაზოგა, არც ღონე და არც ნერვები; თუმცა, მისი ხმაურიანი წარმატება თითქოს სულ სხვის რისამე მომასწავებელი უნდა ყოფილიყო, არა მგონია, გიასა თუ ახლოსმყოფთაგან სხვას ვისმეს ელდად დასცემოდა ის, რომ გამოდგა ქართული ნეორომანტიზმის დასასრულის დასაწყისი. სწორედ მან ცხადყო, რომ თავად მის მონაწილეთა, თუ სხვა თანაგანმზრახთა _ ქეთევან მატაბლისა, Lლეილა შელიას, გია გუგუშვილის (უფროსი), ლევან ლაღიძის და ა. შ. _ სავალი გაყრილა და დაქსაქსულა; რომ მაგ., მუდამ შორს ეჭირათ თავი ირაკლი ფარჯიანსა და (ეს ცოტა მოგვიანებით გამოაშკარავდა) მერაბ აბრამიშვილს). გულსატკენი ეს, რაღა თქმა უნდა, იყო, არკი უცაბედი და ყოველნაირი წინასწარგანჭვრეტილი ტკივილით შედარებით იოლად შესაგუებელიც. მით უმეტეს, რომ გიას, როგორც ქართველთ გვჩვევია (ხომ გახსოვთ, “აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია”) რამდენიმე ჯერაც სტუდენტი მხატვარი ეგულებოდა, ახლა უკვე ჩვენი ხელოვნების ისტორიაში “მეათე სართულის ჯგუფად”, იმ დროს კი “არქივარიუსებად” წოდებული.
რამდენიმე წლის განმავლობაში გია ბუღაძე ნიადაგ მხარში ედგა ამ ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთ თუ მათ შემაგულიანებელს, ხელოვნებათმცოდნეს, ფერმწერ-გრაფიკოსსა და პოეტს კარლო კაჭარავას, არაფერს იშურებდა, რათა სიტყვით თუ საქმით შეწევნოდა მათ. საბოლოოდ კი, მათ შორისაც განხეთქილებამ იჩინა თავი და, თითქოს, იმ პირველზე მძაფრადაც და მტკივნეულადაც. რაც უნდა ყოფილიყო ამ უსიამოვნების კერძო მიზეზი, მისი თავი _ გამომწვევი, ასე ვფიქრობ, საბჭოური ყოფის მთლიანობაშია საძიებელი. უხისტესად “შეჭედილი”, ერთი ცენტრიდან მართული საბჭოთა იმპერია ძალიან ნაკლებად უშვებდა პიროვნულ, ერთი, გნებავთ, რამდენიმე პირის თაოსნობას. თავის პროფესიულ ასპარეზზე წვალება-წვალებით კიდევ შეიძლებოდა ხელის გამოღება, მაგ., კონფერენციის მოწვევა ან, ვთქვათ, მუზეუმის დაარსება _ ეს ხომ შეიძლებოდა ხელისუფალთათვის სასურველ, ვითომცდა “მჩქეფარე” კულტურული ცხოვრების სურათში ჩაწერილიყო და პროპაგანდისტულადაც ყოფილიყო გამოყენებული. სხვათა შორის, ეტყობა შედეგიანადაც, რაკი დღესაც მრავალთ სჯერათ 1970-1980-იანი წლების “კულტურული აღმავლობისა”. არადა, სინამდვილე ისაა, რომ ყოველთვის, რომელსაც გინდათ ათწლეულში, მოიპოვებოდნენ ნიჭიერი ადამიანები, რომელთა ნაღვაწით შეეძლოთ თავი მოეწონებინათ და საშუალო დონის თანდათანობითი დაქვეითებაც დაეფარათ. თანადროულად კი ყოველთვის იძებნებოდა ამ “სასიქადულოთათვის” ადგილის მიჩენის საშუალება _ უწინარესად ყველა დარგში მისთვის შეუფერებელთა მომრავლების წყალობით. მათი არსებრივი წარუმატებლობა შურისა და ბოღმის ბოროტ ენერგიას ბადებდა, მის დამანგრეველ მოქმედებას კი წარმართვაც აღარ ესაჭიროებოდა. მაგრამ თუ კი ვისიმე განაფიქრი მეტ-ნაკლებად ვრცელ სამოქმედო არეს გულისხმობდა, ის ან გაჩენისთანავე მომგონის თავშივე იჩუტებოდა, ვითარცა რამ შეუძლებელი, ან კიდევ ძნელად გადასალახ კედელს შეასკდებოდა ხოლმე. და ამ მხრივაც, 1950-იანი წლების აქეთ მაინც, დიდად აღარ ყოფილა სავალდებულო “უშიშროების” და მისთანათა ჩარევა (თუმცა კი, მათ საამისო ხერხიანობა არ დაეწუნებოდათ). პრაქტიკული კეთება ხომ ამ დროისთვის უმჭიდროესად შეეზარდა კომუნისტურ ფუნქციონერობას (სხვაა, რომ ყოფილან კანტი-კუნტად ისეთნიც, ვისაც მაღალ-მაღალი თანამდებობები სიკეთის სათესად უნდოდათ) და მამულიშვილურად მოაზრეთათვისა კი, აქტივობა უბრალოდ საეჭვო გახდა. სავსებით რიგიან ადამიანებსაც უკვე მძიმედ სჯეროდათ, რომ შეიძლებოდა ვინმეს წრფელად სურვებოდა რამ სასხვისოდ ან საქვეყნოდ. “საზოგადო მოღვაწეობა”, აგრერიგად მნიშვნელოვანი და მრავლისმომტანი ჩვენი ქვეყნისთვის XIX ს-სა და XX ს-ის დასაწყისში, ფაქტიურად ცარიელ განსაზღვრებად იქცა. ნაყოფს ამგვარი მდგომარეობისას ამჟამადაც ვიმკით, ახლაც “ქმედითთა” დიდი უმრავლესობა, რბილად თუ ვიტყვით, სათუო ზნეობრივი ღირსებების პატრონია, ისინი კი, ვისაც მართლაც დიდისა და მაღლისთვის შესტკივათ გული, ჩვეულებრივ, სხვათა ყურამდე ნაფიქრის მიტანასაც ვერ ახერხებდნენ. ასეა თუ ისე, “გვიანსაბჭოთა ხანაში”აშკარად პოლიტიკურად მებრძოლ დისიდენტებზე გაჭირვებულ დღეში ისინი ჩაცვივდნენ, ვისაც, ასე ვთქვათ, “საზოგადოებრივი ინსტინქტი” იმ ზომამდე მოსდგამდა, რომ არა და არ შეეძლოთ მხოლოდ კითხვასა და გაუთავებელ ლაპარაკს დასჯერებოდნენ. დისიდენტებს გმირების სახელი მაინც ჰქონდათ, მათზე მთელი ქვეყნიერების “უფლებათა დამცველნი” ზრუნავდნენ, ესენი კი, იმდენიც არ იყვნენ, ეთმანეთს შეხიდებოდნენ, ბევრის თვალში კი, საუკეთესო შემთხვევაში, სასაცილოდ გამოიყურებოდნენ, თუ არადა, ვერმისანდოდ _ ემანდ რა გამორჩენა ნებავთ ნახონო. დაუმატეთ ახლა ამას მოურევნელი კაცებრივი სისუსტეები _ ერთმანეთის ვერგაგება, აქედან გამომდინარე გაუგებრობებითურთ, ენების მიტან-მოტანა, იმავ 1970-იანი წლების ბოლოდან ცილისწამების აქამომდე დაუწყვეტელ ღვარად მოკმსკდარი და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ ულხინდათ, თუნდაც ზემოთ ნახსენებ ბ. ჩოლოყაშვილსა და გ. მარჯანიშვილს, რა ია-ვარდით მოფენილი შარა ედო წინ გია ბუღაძეს. უსამართლობა იქნებოდა ისიც არ გვეთქვა, რომ “აქტივისტებსაც”, გარშემომყოფთა სიზანტითა და გულცივობით გაბეზრებულთ, წამოსცდენიათ, რა თქმა უნდა, მოუზომელი სიტყვა. რომ უსაფუძვლო მდურვით შეწუხებულთ, თვითონაც გამოუთქვამთ უადგილო საყვედური, რომ დროდადრო თავდაცვა უნებურად სხვათა პირისპირ თვითდამკვიდრებად გადაქცევიათ; რომ ვერშესმენით დაღლილებს, მეგობრობად მოსჩვენებიათ ფლიდის დამტკბარი ტყუილი, მტრობად კი, კეთილისმსურველის ალალი რჩევა. და ესეც სიმწარეს მატებდა მათ სვესა და ბედს. პირადად გიას ისიც უშლიდა ხელს, რომ არც გულიდან ამომსკდარის, არც აღფრთოვანების დაოკება სჩვეოდა და არც წყრომის. ამასაც ხომ ვინ როგორ ჩამოართმევდა და ვინ როგორ. და რა ვიცი რად აღარ მოსჩვენებიათ მისი “ჯარასავით ტრიალი”, ხან რისიმე მიღწევის, ხანაც ვისიმე ხელშეწყობის დაუცრომელი მცდელობა...
ყოველივე ეს უარყოფითი კიდევ მეტი სიძლიერითაც, ალბათ, გიას ცხოვრებაში ოცი წლის მერე შენივთდა, როდესც მას თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორობა მოუწია. ახლო მომავალში უსათუოდ უკეთ დავინახავთ, რა გაკეთდა და რა კიდევ ვერ იმ ხანებში, ვინ რა შეძლო და ვის რა შეეშალა. ერთი კი უნდა გაიხსენონ ჩემმა თანამოთაობეებმა და ჩვენზე უფროსებმაც, ვიდრე “ძველ აკადემიაზე” დარდიან უბნობას წამოიწყებდნენ. 2000-იანი წლების დასაწყისში ჩვენი სასწავლებელი 50 წლის წინანდელის ლანდიღა იყო და არცთუ მარტო გამოყინული და ჩამოფხავებული, დაკნინებულიც _ ნუთუ ყველას გადაავიწყდა ჩაშლილი მეცადინეობა, უმრავლესად მუშაობაზე გულაყრილი მასწავლებლები და ნებას მიშვებული სტუდენტები. რომ არა განათლების რეფორმა, თავისთავად აუცილებელი (სხვა საქმეა, რომ ხარვეზიანი და ბოლომდე მიუყვანელი) აკადემიის არსებობის ასე გაგრძელება მაინც ვერ იქნებოდა. გიას რექტორობის მამოძრავებელი ასეთი ვითარების გამოსასწორებლად გამიზნული უამრავი სხვადასხვა გეგმა და იდეა იყო, რომელნიც ოდნავადაც არ ყოფილა ვერ განსახორციელებელი, მრავალთა თანადგომასა და თანაგრძნობას კი ითხოვდა. ისინი კი კვლავაც, ფრიად ცოტანი აღმოჩნდნენ და არც ყველა მათგანი გახლდათ ჯეროვნად შორსმჭვრეტელი და მაღალმხედი, ზოგიერთი კი, მეტი თავგამოდებით უნებურად ხელისშემშლელიც გამოდგა. ასე რომ, “ობიექტური” მიზეზების გარდა, ხან რის ვერგამოსვლასა და ხანაც რის მოუბოლოვებლობაში “სუბიექტურობასაც” აქვს გვარიანი წვლილი _ ვის დაუფიქრებლობას, ვის წყენას, ვის კიდევ _ თავნათქვამობას. ასე განსაჯეთ, მოცემულ გარემოებებში გიას თითქოსდა უდავო ღირსებას, ჩანაფიქრთა სიუხვესა და მრავალფეროვნებას, აღმოაჩნდა ჩრდილოვანი მხარე _ ირგვლივმყოფნი მუდამ როდი ამჩნევდნენ ახალი აზრის აღმოცენებას და, მას აყოლას ვიღა ჩივის, მანამდელის შეუსრულებლობას ლამისაა პირუმტკიცობად უთვლიდნენ.
ყოველივე ეს უარყოფითი კიდევ მეტი სიძლიერითაც, ალბათ, გიას ცხოვრებაში ოცი წლის მერე შენივთდა, როდესც მას თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორობა მოუწია. ახლო მომავალში უსათუოდ უკეთ დავინახავთ, რა გაკეთდა და რა კიდევ ვერ იმ ხანებში, ვინ რა შეძლო და ვის რა შეეშალა. ერთი კი უნდა გაიხსენონ ჩემმა თანამოთაობეებმა და ჩვენზე უფროსებმაც, ვიდრე “ძველ აკადემიაზე” დარდიან უბნობას წამოიწყებდნენ. 2000-იანი წლების დასაწყისში ჩვენი სასწავლებელი 50 წლის წინანდელის ლანდიღა იყო და არცთუ მარტო გამოყინული და ჩამოფხავებული, დაკნინებულიც _ ნუთუ ყველას გადაავიწყდა ჩაშლილი მეცადინეობა, უმრავლესად მუშაობაზე გულაყრილი მასწავლებლები და ნებას მიშვებული სტუდენტები. რომ არა განათლების რეფორმა, თავისთავად აუცილებელი (სხვა საქმეა, რომ ხარვეზიანი და ბოლომდე მიუყვანელი) აკადემიის არსებობის ასე გაგრძელება მაინც ვერ იქნებოდა. გიას რექტორობის მამოძრავებელი ასეთი ვითარების გამოსასწორებლად გამიზნული უამრავი სხვადასხვა გეგმა და იდეა იყო, რომელნიც ოდნავადაც არ ყოფილა ვერ განსახორციელებელი, მრავალთა თანადგომასა და თანაგრძნობას კი ითხოვდა. ისინი კი კვლავაც, ფრიად ცოტანი აღმოჩნდნენ და არც ყველა მათგანი გახლდათ ჯეროვნად შორსმჭვრეტელი და მაღალმხედი, ზოგიერთი კი, მეტი თავგამოდებით უნებურად ხელისშემშლელიც გამოდგა. ასე რომ, “ობიექტური” მიზეზების გარდა, ხან რის ვერგამოსვლასა და ხანაც რის მოუბოლოვებლობაში “სუბიექტურობასაც” აქვს გვარიანი წვლილი _ ვის დაუფიქრებლობას, ვის წყენას, ვის კიდევ _ თავნათქვამობას. ასე განსაჯეთ, მოცემულ გარემოებებში გიას თითქოსდა უდავო ღირსებას, ჩანაფიქრთა სიუხვესა და მრავალფეროვნებას, აღმოაჩნდა ჩრდილოვანი მხარე _ ირგვლივმყოფნი მუდამ როდი ამჩნევდნენ ახალი აზრის აღმოცენებას და, მას აყოლას ვიღა ჩივის, მანამდელის შეუსრულებლობას ლამისაა პირუმტკიცობად უთვლიდნენ.
ეგებ არც ღირდა გ. ბუღაძის “ფსიქოლოგიურ პორტრეტზე” ამდენ ხანს შეყოვნება ზემონათქვამს რომ (ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში) უმთავრესთან, მის მხატვრობასთან არ ჰქონოდა კავშირი. ვეჭვობ, ვინმეს გამოპარვოდეს მისი შემოქმედების ორი “გამჭოლი” თვისება _ მისი სურათების “გარეგანი ფორმის” მუდმივი ცვალებადობა და “სერიულობა”. ცალკე აღებული არც ერთია მაიცადამაინც საკვირველი და არც მეორე. “პროტეოსულობა” ლამისაა ტიპიურიცაა XX საუკუნისათვის, სხვა თუ არაფერი (პ. პიკასო და ყველანაირი “პოსტმოდერნისტები” იქით იყოს) მას ჩვენს “კლასიცისტად” თუ “აკადემისტად” გასმენილ სერგო ქობულაძესთანაც ნახავთ. სერიებად ხატვა ასე გავრცელებული, იქნებ, არც იყოს, ოღონდ არც ესაა რამ გაუგონარი, მეტადრე დაზგურ გრაფიკაში. ისიცაა, ფერწერაში ის ნაკლებად გვხვდება და თუ არის, ტილოები ზომით არც თუ დიდია ხოლმე (მაგ., უ. ჰოგართის “არამზადას ცხოვრების გზა”), მოზრდილები კი, ხუროთმოძღვების სამკაულად თუ იქნება შეკვეთილ-გათვალისწინებული (მაგ., პ.პ. რუბენსის “ანრი IV-ს და მარია მედიჩის ქორწინება”). ხოლო გია რისთვისღა ხატავს წყება-წყებად დიდრონ და დაუკვეთავ ისტორიულ, ალეგორიულ, პეიზაჟურ ტილოებს? საზოგადოდ, სერიის დაწერისას მუხტი ხელოვანს შეიძლება სულ სხვადასხვანაირი ჰქონდეს _ ამ წამს ხსენებული უ. ჰოგართი მორალისტ-მქადაგებლად გვაცნობს თავს. აი, ჩვენი დ. კაკაბაძეს კი, ასე მეჩვენება, ერთი ფრაგმენტით გამოსათქმელის ვერ-ამოწურვის შეგრძნება აღუძრავს სურვილს ერთი მეორეს იმერეთისა და ბრეტანის ხედები, ბიომორფული თუ “კოსმიური” აბსტრაქციები მიადევნოს. რაღაა გია ბუღაძის მცდელობის მაპირობებელი? ჩემი ფიქრის დვრიტა, სიმართლე ვთქვა, წლებისწინანდელი შთაბეჭდილებაა _”ქართლის ცხოვრების” თუ “ათსამმეტ ასურელ მამათა” რკალის სურათების თვალიერებისას თვალწინ მათ ჩამოსაკიდებლად “გამზადებული” ვრცელი ინტერიერები მეხატებოდა, განიერი დერეფნები (კათოლიკურ სავანეებში რომ აქვთ ბერების მდუმარე ლოცვისათვის, იმდაგვარი), თუ შუქმრავალი დარბაზები. ჩემთვის ესენიცა და სხვანიც იმთავითვე არარსებული (ჯერ-ჯერობით აუშენებელი) ნაგებობების მოხატულობა იყო და გული მეკუმშებოდა, ისინი სახელოსნოს, გინდაც, მუზეუმების სივიწროვეში “გამოსამწყვდევად” რომაა განწირული. თუ არ მეშლება, მათი ასეთი “არქიტექტურისკენობა” ჩემთვის თვითონ გიასაც დაუდასტურებია _ ესეც ოდესღაც, ჯერ კიდევ იმ, უკვე, მადლობა ღმერთს, ჩავლილ საბჭოთა ხანაში. რაკი ეს ასეა, კიდევ ერთი ნაბიჯიც შეგვიძლია წავდგათ: სახუროთმოძღვრო გამოსახულება ოდითგანვე (რისიმე, თან) თანამედროვეთა თუ მომავალთათვის აუცილებლად არსებრივ-საცოდნელის მაუწყებელი ყოფილა. გიასთანაც შინაგან იძულებად რაც შეიძლება მეტთათვის ნაფიქრ-განაცადის განდობის მოთხოვნილებაა _ ასე იყო ორმოცი წლის წინათ, ასეა ახლაც. სადარდებელიც (იქნებდა, საკუთარი თავისთვისაც გაუმხელელი) მთელი ეს ხანი, ერთი და იგივე _ გამგონის არყოლაა. არა, ხმის გამცემი და გულშემატკივარი არა ჰყავსო, ამას როგორ ვიტყვი, ყოველთვის კი მეგონა, რომ საოცნებოდ მას სულ სხვა რამ აქვს _ არა იმდენად “ინტელექტუალების”, ანდა “ესთეტების”, არა მჩხრეკელების და გამრჩევების ყურადღება, არამედ გულისყური გულღიათა, მთელი არსებით რომ დაეწაფებიან ისტორიაში, მითოლოგიაში, საგნებსა თუ ბუნების სახილველებში დაფარულ ჭეშმარიტებას. ვგონებ, ვერნისაჟების სტუმრებზე მეტად იმგვარი ჩიტები და თევზები გაახარებდნენ, რომლებიც შორეულ წარსულში მდუმრად ისმენდნენ წმინდანთა ნაუბარს. რეალობა კი სულ სხვაა _ ხელოვანის ნაგუმანევი და განააზრი დღეს ზერელე სიამოვნების, ანდა გონების ვარჯიშის საგნად თუ უნდათ.
პირველი დღიდან, ალბათ, არა, დიდი ხანი კია, რაც დავრწმუნდი, რომ გია ამ გაუცხოების დაძლევას, ყოველი ჩვენგანის გარშემომრტყმელი უჩინარი ზღუდის გარღვევას ლამობს. ამიტომაც იმარჯვებს ათასნაირ პირობითობას, უსაგნობიდან ვიდრე ძველი გერმანელებისდარ ზედმიწევნით ანასახამდე, ათასნაირ ხერხს _ ფაქიზი ტონალური გადასვლებიდან, ვიდრე თითქმის პლაკატურ გამომსახველობით სიმწირემდე, ზეთით უმკვიდრესი წერიდან ფოტოანაბეჭდების უთანამედროვეს დამუშავებამდე. ამიტომაც არც ავეჯის, მოხატვას იზარებს, არც წიგნების დასურათებას, არც შენობათა მოხატვას; ამიტომაც არასოდეს იცის მოსვენება და, პირდაპირი აზრით, ვერ უშვებს ხელიდან ფანქარს თუ ყალამს; ამიტომაც ვერ კმარობს მარტოოდენ თვალთხილულ სახებებს და თავის ექსპოზიციებს საგანგებოდ შერჩეულ ჰანგებს შეაშველებს ხოლმე; ამიტომ წერს კრიტიკულსა და თეორიულ ნარკვევებს, არც თავყრილობებს აკლდება და ტელეეკრანიდანაც საუბრობს, რადგან მიწყივ გაგებინებას და გაგონებინებას, დახშულ გულთან და გავერანებულ გონებასთან მიმყვანებელ გზას ეძიებს.
ამის გამოვეა, რომ თავად გია ბუღაძის მეტმა არავინ იცის, რას შეგვაგებებს მომდევნო გამოფენაზე და, ალბათ, არც თავად _ იმის შემდგომ რა იქნება. ვერც იმას იტყვის ვინმე, როგორ დაგვირგვინდება მისი მცდელობა, ვინ, როდის და რას მოუწონებს და დაუწუნებს. უეჭველი ერთიღა არის: ვერავინ და ვერასდროს წარმოიდგენს გასული ორმოცი და მომავალი ათწლეულების ქართულ ხელოვნებას გია ბუღაძის ნახატების და ფერწერის, მისი ნაწერებისა და საქვეყნო ღწვის გარეშე.
No comments:
Post a Comment