შესავალი ალექსანდრა გაბუნიას საავტორო წიგნიდან: ავთო ვარაზი :ეპოქა და შემოქმედება
XX საუკუნის დასაწყისი ქართული კულტურისთვის უპრეცედენტო შემოქმედებითი აღმავლობის ხანად იქცა. ეს იყო თავისუფლებისა და დემოკრატიული სულისკვეთებით აღსავსე მოდერნისტული ეპოქა - იბადებოდა ევროპულ რიტმს ფეხაწყობილი სრულიად ახალი ქართული მხატვრული ენა. თუმცა, 1921 წლიდან თავსდატეხილმა სახელმწიფო ტერორმა, რეპრესიებმა და თავისუფალი აზრის დევნამ კულტურული პროცესები ათწლეულებით უკან მოისროლა. „რკინის ფარდამ“ საბჭოთა ხელოვნება საბოლოოდ მოწყვიტა მსოფლიო სახელოვნებო სცენას. საზოგადოებაში ყველაფრის მიმართ შეგუების მძიმე ფსიქოლოგიური განწყობა დამკვიდრდა, ცენზურამ კი ხელოვნებაში ოფიციალური, იდეოლოგიზებული ესთეტიკის - სოციალისტური რეალიზმის დომინირება განაპირობა.
ავთო ვარაზის მხატვრული მასშტაბისა და უნიკალურობის გასააზრებლად აუცილებელია სწორედ ამ ისტორიულ-კულტურული გარემოს გაანალიზება, რომელშიც მისი გამორჩეული შემოქმედებითი ინდივიდუალობა ჩამოყალიბდა. სტალინური ეპოქის შემდგომ, 1950-იანი წლებიდან, ქართულ კულტურულ სივრცეში გაბატონებულ სოციალისტურ რეალიზმთან ჭიდილი და ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო. სწორედ ამ დროს თბილისის სამხატვრო-აკადემიურ გარემოში დასავლური მოდერნიზმის ზოგიერთი მიმართულების, განსაკუთრებით, ფრანგული იმპრესიონიზმისა და ფოვიზმის გადააზრება შეინიშნებოდა. ერთი მხრივ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან იძლეოდა დოგმატური სოციალისტური რეალიზმისგან დისტანცირების საშუალებას; თუმცა, მეორე მხრივ, ეს პროცესი ისტორიულად ასინქრონული აღმოჩნდა - ქართული ფერწერა უბრუნდებოდა მხატვრულ მოძრაობებს, რომლებიც დასავლეთს უკვე გამოვლილი ჰქონდა. ამ თვალსაზრისით, ნიკო ფიროსმანის ინტუიციური და დავით კაკაბაძის ავანგარდისტული ხედვები გაცილებით უფრო თანადროული, ამასთან, ეპოქალური მნიშვნელობისა იყო.
კულტურის საბჭოურმა პოლიტიკამ მოდერნისტულ ფორმათა ათვისებაც საკუთარი იდეოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად „უსაფრთხო“ დოზით დაუშვა, რაც მხოლოდ ფერწერის გამომსახველობითი ენის განახლებით შემოიფარგლა. შედეგად, ჩამოყალიბდა მხატვრული პრაქტიკა, რომელიც მხოლოდ ოფიციალური თემატიკის დასაშვებ ესთეტიზაციას ემსახურებოდა. ფერწერული სიახლე ხშირად ფორმალურ განახლებად რჩებოდა და დამოუკიდებელ მსოფლმხედველობრივ განაცხადად ვერ ყალიბდებოდა. სწორედ ამ წინააღმდეგობამ წარმოშვა ფორმალური ინოვაციისა და იდეოლოგიური კონფორმიზმის პარადოქსული თანაარსებობის ფსევდომოდერნისტული ტენდენცია.
ამ ვითარებაში გარდატეხის ტრაგიკულ, მაგრამ უძლიერეს სიმბოლოდ 1959 წელს გალაკტიონ ტაბიძის აღსასრული იქცა. მისი თვითმკვლელობა ქართულმა ცნობიერებამ უმძიმეს, მრავალშრიან მანიშნებლად აღიქვა; ეს იყო რეჟიმთან უთანხმოებისა და დაუმორჩილებლობის უკანასკნელი უკომპრომისო აქტი - პროტესტი იმ ინტელექტუალური და სულიერი წნეხის წინააღმდეგ, რომლითაც ტოტალიტარიზმი შემოქმედის მოთვინიერებას ცდილობდა. გალაკტიონის ფენომენმა და მისმა ასეთმა აღსასრულმა სამუდამოდ შეცვალა თანადროულ და მომდევნო თაობათა წარმოდგენა ბუნებრივი თავისუფლებისკენ სწრაფვისა და პიროვნული ღირსების აუცილებლობაზე. ამის შემდეგ ილუზორული კომუნისტური „სამოთხისგან“ განდგომა ბევრი ინტელექტუალი შემოქმედისათვის არსებობის მთავარ მიზნად იქცა. უპირველესად, ეს იყო შემოქმედებითი პასუხისმგებლობისა და შინაგანი თავისუფლების მოპოვების ერთადერთი გზა, რამაც სრულიად ახალი ტიპის ხელოვანის ფორმირებას ჩაუყარა საფუძველი. სწორედ ამიტომ ქართული ნონკონფორმიზმი არ ყოფილა ოდენ ფორმით თამაში...
1960-იანი წლების მიწურულსა და, განსაკუთრებით, 1970-იან წლებში იდეოლოგიური დისტანცირება კიდევ უფრო გაღრმავდა. სანამ ოფიციალური საბჭოთა ხელოვნება აგრძელებდა მონუმენტური, დეკლარაციული და იდეოლოგიით გაჯერებული ნარატივების დანერგვას, არაოფიციალური სახელოვნებო მეტყველება თანდათან ხელოვნების ტრადიციული საზღვრების გადახედვას უახლოვდებოდა. სწორედ ამ ორ ესთეტიკურ პოლუსს შორის ყალიბდება ავთო ვარაზის მხატვრული ხედვა. მისი შემოქმედება შორსაა პოლიტიკური პროტესტის პირდაპირი, პლაკატური ვიზუალიზაციისგან. ვარაზმა შექმნა სრულიად თვითმყოფადი ესთეტიკური სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა ყოფიერების საიდუმლოების, ადამიანის სულიერი სამყაროსა
და მხატვრული ჭეშმარიტების სიღრმისეულ ძიებას. მისი შემოქმედება ქართული ნონკონფორმიზმის ყველაზე ინდივიდუალურ გამოვლენად და ესთეტიკური ავტონომიის უმაღლეს მხატვრულ მოდელად გვევლინება.
ამიტომ XX საუკუნის 60/70-იანი წლების შემოქმედებით გარემოში ავთო ვარაზი ნამდვილ ლეგენდად იქცა. ბუნებრივმა სიღრმისეულმა თავმდაბლობამ, განუსაზღვრელმა გულწრფელობამ და, ამასთან, არტისტული თვალსაწიერის სიფართოვემ მის გარშემო არა მხოლოდ მხატვრები, არამედ იმ ეპოქის მოაზროვნე ელიტაც შეკრიბა. სწორედ ავთო ვარაზი იყო ის იდეური ლიდერი, ვისი შემოქმედებითაც საზრდოობდა ის კულტურული სივრცე, რომელშიც ომის შემდგომი ანტისისტემური ხელოვნება აღმოცენდა. ამ მიმართულების შემოქმედთა უმრავლესობა საკუთარი მხატვრული ხელწერის მიგნებასა და ჩამოყალიბებაში სწორედ ვარაზის ხელოვნების წინაშე იყო დავალებული.

No comments:
Post a Comment