Sunday, August 16, 2026

მარადისობის კადრი - ავთო ვარაზი ფიროსმანის სამყაროში

 ნაწილი 6  

1968-1969 წლებში ავთო ვარაზის ბიოგრაფიაში თვისებრივად ახალი ეტაპი დაიწყო. იგი რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ  ფიროსმანის  ჯერ მთავარ მხატვრად მიიწვია, ხოლო შემდგომ უშუალოდ ფიროსმანის როლის განსახიერებაც შესთავაზა. აცნობიერებდა რა ამ ამოცანის კომპლექსურობასა და მასშტაბურობას, ვარაზი მაინც დათანხმდა წინადადებას - მისი ღრმა რწმენით, პროფესიონალი მსახიობი ფიროსმანს როგორც მისთვის მორიგ როლს  ითამაშებდა, რაც, მხატვრული სიმართლის თვალსაზრისით, სრულიად დაუშვებელი იყო. ვარაზი მყისიერად ჩაწვდა რეჟისორის ფუნდამენტურ კონცეფციას: გადაეღოთ ადამიანის ყოფა კონკრეტული ეპოქალური ნიშნების გარეშე, ანუ მარადისობის გადასახედიდან. გიორგი შენგელაიას მოგონებების თანახმად, ავთო ვარაზი ეკრანზე არ თამაშობდა ნიკალას - იგი ცხოვრობდა მის სამყაროში. მისი შინაგანი არტისტული არქეტიპი, პლასტიკა, ამეტყველებული სიჩუმე და განსაკუთრებული მზერა  ბუნებრივად შეერწყა ფიროსმანის სახეს.

ალბათ გახსოვთ ავთო ვარაზი  გიორგი შენგელაიას ცნობილ ფილმში ფიროსმანის როლი რომ ითამაშა?  და ამ სახისა თუ, უფრო, თავად ფიროსმანის წყალობით სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა... ფართო საზოგადოების ცნობიერებაში ავთო ვარაზის იერსახე ორგანულად შეერწყა ეკრანულ პერსონაჟს. მაყურებელმა იგი ნიკო ფიროსმანთან გააიგივა, რამაც მხატვარს მალევე მოუტანა საყოველთაო სიყვარული და ფილმის გამოსვლის შემდეგ ეს ორი სახე მაყურებლისთვის თითქმის განუყოფელ ონტოლოგიურ ცნებებად აქცია.

ამ აღიარებამდე კი ვარაზის  როგორც უნიკალური აზროვნების მხატვრის არსებობა მხოლოდ ვიწრო პროფესიული და ინტელექტუალური წრისთვის იყო ცნობილი. იმ ეპოქაში, როდესაც ოფიციალური საბჭოთა ხელოვნება სოციალისტური რეალიზმის მკაცრად განსაზღვრულ დოგმებს ეფუძნებოდა, ავთო ვარაზის ხელოვნება უცხო ფენომენი იყო. მისი სიღრმისეული და გაბედული ექსპერიმენტები ოფიციალურ საგამოფენო სივრცეებსა და ფართო აუდიტორიამდე ვერ აღწევდა - მისი ხელოვნება სახელოსნოს კედლებში, თანამოაზრეთა კამერულ წრეში ცოცხლობდა. სწორედ ამიტომ გიორგი შენგელაიას კინოსურათმა გადამწყვეტი როლი შეასრულა: ეკრანმა ეს აკადემიურ ჩარჩოებს მიღმა მყოფი გენიოსი აქცია სახალხო, საყოველთაო ფავორიტად.

ამ შემოქმედებით პროცესს კი თითქოს გარკვეული მისტიკური, ირაციონალურობაც ახლდა: იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ვარაზი ეკრანზე კი არ თამაშობდა, არამედ თვითონ ნიკალა შეეხმიანა მას მარადისობიდან და მიღმიერი სამყაროდან ფარულად უწევდა მედიუმურ თანაავტორობას. თითქოს ფიროსმანის სული თავად ამშვიდებდა კადრს, ხელს უწყობდა მხატვარს მისივე სულიერი სამყაროს რეკონსტრუქციაში.


                         გიორგი შენგელაია და ავთო ვარაზი. 1968 წ. მანანა ხვთისიაშვილის პირადი არქივიდან

სწორედ ამ იდუმალი, თითქმის ტრანსცენდენტური კავშირის დამსახურებაა, რომ ფილმისთვის შექმნილი ვარაზის დეკორაციული ჩანაფიქრები, კადრირების ესკიზები და სცენოგრაფიული ჩანაწერები უბრალო სამუშაო მასალად არ დარჩენილა - დამოუკიდებელ ნიმუშებად დამკვიდრდა.



ავთო ვარაზის ესკიზები ფილმისთვის ფიროსმანი - შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და გიორგი შენგელაიას კოლექციებიდან

ავთო ვარაზის სამუშაო ჩანაწერები და კონცეპტუალური ხედვა

მხატვრის ავტოგრაფიული ჩანაწერები უშუალოდ წარმოაჩენს მუშაობის პროცესსა და ფილმის სტრუქტურის ავტორისეულ გააზრებას:

გადაღებული სცენები ინახოს დიაფილმით:

გადარჩეულ იქნას ყველაფერი, რაც აუცილებლად შევა ფილმში;

აგრეთვე ყველაფერი, რაც გადაღებულია;

ვიფიქრო, შინაარსის თვალსაზრისით;

თითოეული კადრის კომპოზიცია (როგორ შეიძლება უკეთესად გაიხსნას სცენის შინაარსი - მაქსიმალურად „ძუნწად“, მაგრამ დამაჯერებლად);

საგულდაგულოდ გავაკეთო გადაუღებელი ადგილების კადრირება (ნახატის თვალსაზრისით), რომ მთლიანობაში შეიქმნას არა საერთო, არამედ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ზუსტი წარმოდგენა ფილმზე;

არ მოვცილდე „ფრონტალური“ სცენის პრინციპს:

ა) ვერიდო „წაფენის“ ხერხს;

ბ) დავიცვა ნიკო ფიროსმანის კომპოზიციური აგებულება. ამისთვის საგულდაგულოდ მოვახდინო ნიკო ფიროსმანის როგორც მრავალფიგურიანი, ასევე ერთფიგურიანი კომპოზიციების გაანალიზება (ცალკე კონკრეტული პორტრეტები და ცალკე არაკონკრეტული: მეეზოვე, ტურფები, მზარეულები და ა.შ.);

არ ჩავერიო რეჟისორის ჩანაფიქრში, მაგრამ მოვძებნო გამომსახველი ხერხები მისი ჩანაფიქრის ვიზუალური წარმოდგენისათვის;

მოვახდინო ნიკო ფიროსმანის კომპოზიციების კალკირება;

დოკუმენტურად გავიაზრო ნიკო ფიროსმანის ქალაქის დამახასიათებელი მონაკვეთი (ნიკო ფიროსმანის გააზრება შეუძლებელია ქალაქის გარეშე: შერწყმა, სოფელი, ჭვრეტა);

ვის რა უნდა მოეთხოვოს - ოპერატორს, ასისტენტებს, რეკვიზიტსა და ა.შ.

[კონცეპტუალური იდეა]: რა იქნება, რომ გადაღებულ იქნას მხატვრული ფილმი მხატვრის შესახებ, ოღონდ მის გარეშე? გადამღები კამერა თითქოსდა მოთავსებული იქნება მის თვალებში. საუბრისას, მაგალითად, იგი ხედავს მოსაუბრეს და ზოგჯერ - საკუთარ ხელებს.

 

ფიროსმანი - ქართული მხატვრული ფილმი

მარადისობის კადრი - ავთო ვარაზი ფიროსმანის სამყაროში

  ნაწილი 6   1968-1969 წლებში ავთო ვარაზის ბიოგრაფიაში თვისებრივად ახალი ეტაპი დაიწყო. იგი რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ    ფიროსმანის    ჯერ ...