Tuesday, September 1, 2026

ავთო ვარაზი (1926–1977) Avto Varazi

 

ავთო ვარაზი (1926–1977)

ავთო ვარაზი ქართველი ნონკონფორმისტი მხატვარია, რომლის მხატვრული პრაქტიკა კოლაჟის, ასამბლაჟის, ფერწერისა და გრაფიკის სინთეზზეა დაფუძნებული.

1943–1948 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1948–1951 წლებში სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

საერთაშორისო აღიარება და გამოფენები

1965 წლიდან ავთო ვარაზის ნამუშევრები ეტაპობრივად, არალეგალურად ტოვებდა საქართველოს (იმჟამად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკას), რასაც მისი შემოქმედების საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა მოჰყვა.

1967 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა (MoMA) შეიძინა მხატვრის ნამუშევარი Bleeding Buffalo (დაჭრილი ხარი, 1962).

1967 წელს მან მონაწილეობა მიიღო გამოფენაში A Survey of Russian Painting: Fifteenth Century to the Present, რომელიც ნიუ-იორკში, The Gallery of Modern Art, Huntington Hartford Collection-ში გაიმართა.

1974 წლის 26 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ვარაზი მონაწილეობდა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) გამოფენაში Contemporary Soviet Art: A Selection from the Museum’s Collection, სადაც წარმოდგენილი იყო მისი ნამუშევარი Bleeding Buffalo (დაჭრილი ხარი, 1962). გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ ერნსტ ნეიზვესტნი, ვლადიმირ ნემუხინი, დიმიტრი პლავინსკი, ანატოლი ზვერევი, ვასილი სიტნიკოვი და უილიამ ბრუი.

1975 წელს მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო გამოფენაზე Russischer Februar 75 in Wien, ალექსანდრ გლეზერის კოლექციის ფარგლებში, ვენის Künstlerhaus-ში, ავსტრია.

1975–1976 წლებში ვარაზი მონაწილეობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელოვნებო გაერთიანებების საგამოფენო პროექტებში (Kunstverein), რომლებიც გაიმართა ბრაუნშვაიგში, ფრაიბურგში, კონსტანცში და ზაულგაუში, Städtische Galerie Die Fähre-ში. ევროპული საგამოფენო ტურის კურატორი იყო ალექსანდრ გლეზერი.

1976 წელს მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო დევნილობაში მყოფი რუსული ხელოვნების მუზეუმში (Musée Russe en Exil), მონჟერონში, საფრანგეთი. იმავე წელს ვარაზის შემოქმედება დაფიქსირებული იყო პარიზში გამართულ არაოფიციალური ხელოვნების დიდ ფორუმზე (Paris Congrès 1976).

1977: საერთაშორისო აღიარების კულმინაცია

1977 წელს, მხატვრის გარდაცვალების წელს, ავთო ვარაზის ხელოვნება მოხვდა ევროპასა და აშშ-ში გამართულ არაოფიციალური საბჭოთა ხელოვნების ყველა საკვანძო გამოფენაზე.

1977 წელს ლონდონში ჩატარდა გამოფენა Unofficial Art from the Soviet Union, ხოლო ამერიკულ საგამოფენო დოკუმენტაციაში დაფიქსირდა მისი კოლაჟი Untitled (უსათაურო, 55 × 44 სმ).

1977 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე ავთო ვარაზი მონაწილეობდა ვენეციის ბიენალეზე - Biennale del Dissenso (დისიდენტთა ბიენალე), იტალიაში. ვენეციის ბიენალეს ფარგლებში მოწყობილ ისტორიულ გამოფენაზე - La nuova arte sovietica: una prospettiva non ufficiale (ახალი საბჭოთა ხელოვნება: არაოფიციალური პერსპექტივა; კურატორები: ენრიკო კრისპოლტი და გაბრიელა მონკადა) - ვარაზის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო დიაპოზიტივების სახით (Carousel G). გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ ილია კაბაკოვი, ერიკ ბულატოვი, ვიქტორ პივოვაროვი, იგორ ზახაროვ-როსი და ოლეგ ვასილიევი.

ბიენალეს ოფიციალურ კატალოგში ვარაზი შეყვანილი იყო სექციაში Ironia e altro, intorno al quotidiano (ირონია და სხვა, ყოველდღიურობის ირგვლივ).

ბიენალეს კატალოგში ასევე დოკუმენტირებული იყო ვარაზის ნამუშევარი Il toro (The Bull / Bull’s Head, 1973; კოლაჟი, 68 × 47 სმ), რომელიც მონჟერონში, ა. გლეზერის კოლექციაში ინახებოდა.

ავთო ვარაზის ნამუშევრები დღემდე ჩნდება მნიშვნელოვან საერთაშორისო აუქციონებზე. 2007 წელს მხატვრის ნამუშევარი ხარის თავი (1973) გაიყიდა ლონდონის MacDougall’s-ის აუქციონზე, რომელიც აღმოსავლეთევროპულ და საბჭოთა პერიოდის ნონკონფორმისტულ ხელოვნებაზე სპეციალიზებული საერთაშორისო აუქციონის სახლია.

გამოფენები საქართველოში და ავთო ვარაზთან დაკავშირებული მოვლენები

1962 წელს მხატვარ ლევ ბაიახჩევთან ერთად ალეკო გეგეჭკორის ბინაში დაგეგმილი ვარაზის პირველი პერსონალური გამოფენა გახსნის წინა დღეს ოფიციალურად აიკრძალა, როგორც საბჭოთა სინამდვილისთვის შეუფერებელი.

1971 წელს, მხატვარ ელენე ახვლედიანის რჩევით, მის ბინა-სახელოსნოში იგეგმებოდა ავთო ვარაზის პერსონალური გამოფენა. ნამუშევრებიც შეიკრიბა, თუმცა გამოფენა თავად მხატვრის გადაწყვეტილებით არ გაიმართა.

1977 წლის მაისში, მხატვრის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო ათონელის ქუჩაზე მდებარე საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების საგამოფენო დარბაზში.

1997 წელს, მხატვრის დაბადების დღისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა გაიმართა საქართველოს რუსთაველის საზოგადოების საგამოფენო დარბაზში, თბილისში, რუსთაველის გამზირის 27-ში.

2011 წელს ავთო ვარაზის რეტროსპექტული გამოფენა გაიმართა TBC გალერეაში, თბილისში.

2013 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, ავთო ვარაზის რეტროსპექტული გამოფენა გაიმართა თბილისის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

2021 წელს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა გამოფენა თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება. გამოფენაზე, ავთო ვარაზის ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ოთარ ჩხარტიშვილის, თემო ჯაფარიძის, ამირ კაკაბაძის, ავთო მესხის, ვატი დავითაშვილისა და კარლო გრიგოლიას ნამუშევრები.

2027 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართება გამოფენა ავთო ვარაზი და ქართული ნონკონფორმიზმი. 50 წელი მხატვრის გარდაცვალებიდან.

Avto Varazi  (1926–1977)

Avto Varazi was a Georgian nonconformist artist whose artistic practice was based on a synthesis of collage, assemblage, painting, and graphic art.

From 1943 to 1948, he studied at the Faculty of Architecture of the Georgian Polytechnic Institute. From 1948 to 1951, he continued his studies as a postgraduate student at the Institute of Art History of the Georgian Academy of Sciences.

International Recognition and Exhibitions

From 1965 onward, Avto Varazi’s works gradually and illegally left Georgia (then a republic within the Soviet Union), leading to the emergence of his work on the international art scene.

In 1967, the Museum of Modern Art (MoMA) in New York acquired the artist’s Bleeding Buffalo (Wounded Bull, 1962).

In 1967, he participated in the exhibition A Survey of Russian Painting: Fifteenth Century to the Present, held at The Gallery of Modern Art, Huntington Hartford Collection in New York.

From September 26 to October 20, 1974, Varazi participated in the Museum of Modern Art (MoMA) exhibition Contemporary Soviet Art: A Selection from the Museum’s Collection, where his work Bleeding Buffalo (Wounded Bull, 1962) was presented. The exhibition also included works by Ernst Neizvestny, Vladimir Nemukhin, Dmitri Plavinsky, Anatoly Zverev, Vasily Sitnikov, and William Brui.

In 1975, his works were presented in the exhibition Russischer Februar 75 in Wien, as part of Alexander Glezer’s collection, at the Künstlerhaus in Vienna, Austria.

In 1975–1976, Varazi participated in exhibition projects organized by art associations (Kunstverein) in the Federal Republic of Germany, held in Braunschweig, Freiburg, Konstanz, and at Städtische Galerie Die Fähre in Saulgau. The curator of the European exhibition tour was Alexander Glezer.

In 1976, his works were presented at the Musée Russe en Exil, a museum of Russian art in exile, in Montgeron, France. The same year, Varazi’s work was documented at the major forum of unofficial art held in Paris, Paris Congrès 1976.

1977: The Culmination of International Recognition

In 1977, the year of the artist’s death, Avto Varazi’s work was included in all major exhibitions of unofficial Soviet art held in Europe and the United States.

In 1977, the exhibition Unofficial Art from the Soviet Union was held in London, while his collage Untitled (Untitled, 55 × 44 cm) was documented in American exhibition records.

From November 15 to December 15, 1977, Avto Varazi participated in the Venice Biennale - Biennale del Dissenso (Biennale of Dissent), Italy. Within the framework of the Venice Biennale, at the historic exhibition La nuova arte sovietica: una prospettiva non ufficiale (New Soviet Art: An Unofficial Perspective; curators: Enrico Crispolti and Gabriella Moncada), Varazi’s works were presented as slides (Carousel G). The exhibition also included works by Ilya Kabakov, Erik Bulatov, Viktor Pivovarov, Igor Zakharov-Ross, and Oleg Vassiliev.

In the official Biennale catalogue, Varazi was included in the section Ironia e altro, intorno al quotidiano (Irony and Other Things, Around Everyday Life).

The Biennale catalogue also documented Varazi’s work Il toro (The Bull / Bull’s Head, 1973; collage, 68 × 47 cm), which was held in A. Glezer’s collection in Montgeron.

Avto Varazi’s works continue to appear at major international auctions. In 2007, the artist’s work Bull’s Head (1973) was sold at the MacDougall’s auction in London, an international auction house specializing in Eastern European and Soviet-era nonconformist art.

Exhibitions in Georgia and Events Related to Avto Varazi

In 1962, Varazi’s first solo exhibition, planned together with the artist Lev Bayakhchev at Aleko Gegechkori’s apartment, was officially prohibited on the eve of its opening as unsuitable for Soviet reality.

In 1971, on the advice of the artist Elene Akhvlediani, a solo exhibition of Avto Varazi was planned at her apartment-studio. The works were also assembled, but the exhibition did not take place at the artist’s own decision.

In May 1977, two months after the artist’s death, his first solo exhibition was organized at the exhibition hall of the Georgian Society for Friendship and Cultural Relations with Foreign Countries, located on Atoneli Street.

In 1997, a solo exhibition dedicated to the artist’s birthday was held at the exhibition hall of the Rustaveli Society of Georgia, at 27 Rustaveli Avenue, Tbilisi.

In 2011, a retrospective exhibition of Avto Varazi was held at TBC Gallery in Tbilisi.

In 2013, organized by Tbilisi State Academy of Arts, a retrospective exhibition of Avto Varazi was held at the Zurab Tsereteli Museum of Modern Art in Tbilisi.

In 2021, an exhibition titled Art Inspired by Freedom was held at the Sighnaghi Historical-Ethnographic Museum, organized by the Georgian National Museum. Alongside Avto Varazi’s works, the exhibition presented works by Otar Chkhartishvili, Temo Japaridze, Amir Kakabadze, Avto Meskhi, Vatia Davitashvili, and Carlo Grigolia.

In 2027, the exhibition Avto Varazi and Georgian Nonconformism: 50 Years Since the Artist’s Death will be held at the Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery. 

Sunday, August 16, 2026

მარადისობის კადრი - ავთო ვარაზი ფიროსმანის სამყაროში

 ნაწილი 6  

1968-1969 წლებში ავთო ვარაზის ბიოგრაფიაში თვისებრივად ახალი ეტაპი დაიწყო. იგი რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ  ფიროსმანის  ჯერ მთავარ მხატვრად მიიწვია, ხოლო შემდგომ უშუალოდ ფიროსმანის როლის განსახიერებაც შესთავაზა. აცნობიერებდა რა ამ ამოცანის კომპლექსურობასა და მასშტაბურობას, ვარაზი მაინც დათანხმდა წინადადებას - მისი ღრმა რწმენით, პროფესიონალი მსახიობი ფიროსმანს როგორც მისთვის მორიგ როლს  ითამაშებდა, რაც, მხატვრული სიმართლის თვალსაზრისით, სრულიად დაუშვებელი იყო. ვარაზი მყისიერად ჩაწვდა რეჟისორის ფუნდამენტურ კონცეფციას: გადაეღოთ ადამიანის ყოფა კონკრეტული ეპოქალური ნიშნების გარეშე, ანუ მარადისობის გადასახედიდან. გიორგი შენგელაიას მოგონებების თანახმად, ავთო ვარაზი ეკრანზე არ თამაშობდა ნიკალას - იგი ცხოვრობდა მის სამყაროში. მისი შინაგანი არტისტული არქეტიპი, პლასტიკა, ამეტყველებული სიჩუმე და განსაკუთრებული მზერა  ბუნებრივად შეერწყა ფიროსმანის სახეს.

ალბათ გახსოვთ ავთო ვარაზი  გიორგი შენგელაიას ცნობილ ფილმში ფიროსმანის როლი რომ ითამაშა?  და ამ სახისა თუ, უფრო, თავად ფიროსმანის წყალობით სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა... ფართო საზოგადოების ცნობიერებაში ავთო ვარაზის იერსახე ორგანულად შეერწყა ეკრანულ პერსონაჟს. მაყურებელმა იგი ნიკო ფიროსმანთან გააიგივა, რამაც მხატვარს მალევე მოუტანა საყოველთაო სიყვარული და ფილმის გამოსვლის შემდეგ ეს ორი სახე მაყურებლისთვის თითქმის განუყოფელ ონტოლოგიურ ცნებებად აქცია.

ამ აღიარებამდე კი ვარაზის  როგორც უნიკალური აზროვნების მხატვრის არსებობა მხოლოდ ვიწრო პროფესიული და ინტელექტუალური წრისთვის იყო ცნობილი. იმ ეპოქაში, როდესაც ოფიციალური საბჭოთა ხელოვნება სოციალისტური რეალიზმის მკაცრად განსაზღვრულ დოგმებს ეფუძნებოდა, ავთო ვარაზის ხელოვნება უცხო ფენომენი იყო. მისი სიღრმისეული და გაბედული ექსპერიმენტები ოფიციალურ საგამოფენო სივრცეებსა და ფართო აუდიტორიამდე ვერ აღწევდა - მისი ხელოვნება სახელოსნოს კედლებში, თანამოაზრეთა კამერულ წრეში ცოცხლობდა. სწორედ ამიტომ გიორგი შენგელაიას კინოსურათმა გადამწყვეტი როლი შეასრულა: ეკრანმა ეს აკადემიურ ჩარჩოებს მიღმა მყოფი გენიოსი აქცია სახალხო, საყოველთაო ფავორიტად.

ამ შემოქმედებით პროცესს კი თითქოს გარკვეული მისტიკური, ირაციონალურობაც ახლდა: იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ვარაზი ეკრანზე კი არ თამაშობდა, არამედ თვითონ ნიკალა შეეხმიანა მას მარადისობიდან და მიღმიერი სამყაროდან ფარულად უწევდა მედიუმურ თანაავტორობას. თითქოს ფიროსმანის სული თავად ამშვიდებდა კადრს, ხელს უწყობდა მხატვარს მისივე სულიერი სამყაროს რეკონსტრუქციაში.


                         გიორგი შენგელაია და ავთო ვარაზი. 1968 წ. მანანა ხვთისიაშვილის პირადი არქივიდან

სწორედ ამ იდუმალი, თითქმის ტრანსცენდენტური კავშირის დამსახურებაა, რომ ფილმისთვის შექმნილი ვარაზის დეკორაციული ჩანაფიქრები, კადრირების ესკიზები და სცენოგრაფიული ჩანაწერები უბრალო სამუშაო მასალად არ დარჩენილა - დამოუკიდებელ ნიმუშებად დამკვიდრდა.



ავთო ვარაზის ესკიზები ფილმისთვის ფიროსმანი - შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და გიორგი შენგელაიას კოლექციებიდან

ავთო ვარაზის სამუშაო ჩანაწერები და კონცეპტუალური ხედვა

მხატვრის ავტოგრაფიული ჩანაწერები უშუალოდ წარმოაჩენს მუშაობის პროცესსა და ფილმის სტრუქტურის ავტორისეულ გააზრებას:

გადაღებული სცენები ინახოს დიაფილმით:

გადარჩეულ იქნას ყველაფერი, რაც აუცილებლად შევა ფილმში;

აგრეთვე ყველაფერი, რაც გადაღებულია;

ვიფიქრო, შინაარსის თვალსაზრისით;

თითოეული კადრის კომპოზიცია (როგორ შეიძლება უკეთესად გაიხსნას სცენის შინაარსი - მაქსიმალურად „ძუნწად“, მაგრამ დამაჯერებლად);

საგულდაგულოდ გავაკეთო გადაუღებელი ადგილების კადრირება (ნახატის თვალსაზრისით), რომ მთლიანობაში შეიქმნას არა საერთო, არამედ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ზუსტი წარმოდგენა ფილმზე;

არ მოვცილდე „ფრონტალური“ სცენის პრინციპს:

ა) ვერიდო „წაფენის“ ხერხს;

ბ) დავიცვა ნიკო ფიროსმანის კომპოზიციური აგებულება. ამისთვის საგულდაგულოდ მოვახდინო ნიკო ფიროსმანის როგორც მრავალფიგურიანი, ასევე ერთფიგურიანი კომპოზიციების გაანალიზება (ცალკე კონკრეტული პორტრეტები და ცალკე არაკონკრეტული: მეეზოვე, ტურფები, მზარეულები და ა.შ.);

არ ჩავერიო რეჟისორის ჩანაფიქრში, მაგრამ მოვძებნო გამომსახველი ხერხები მისი ჩანაფიქრის ვიზუალური წარმოდგენისათვის;

მოვახდინო ნიკო ფიროსმანის კომპოზიციების კალკირება;

დოკუმენტურად გავიაზრო ნიკო ფიროსმანის ქალაქის დამახასიათებელი მონაკვეთი (ნიკო ფიროსმანის გააზრება შეუძლებელია ქალაქის გარეშე: შერწყმა, სოფელი, ჭვრეტა);

ვის რა უნდა მოეთხოვოს - ოპერატორს, ასისტენტებს, რეკვიზიტსა და ა.შ.

[კონცეპტუალური იდეა]: რა იქნება, რომ გადაღებულ იქნას მხატვრული ფილმი მხატვრის შესახებ, ოღონდ მის გარეშე? გადამღები კამერა თითქოსდა მოთავსებული იქნება მის თვალებში. საუბრისას, მაგალითად, იგი ხედავს მოსაუბრეს და ზოგჯერ - საკუთარ ხელებს.

 

ფიროსმანი - ქართული მხატვრული ფილმი

Wednesday, July 8, 2026

ავთო ვარაზის მუზეოლოგიური და საგამოფენო მოღვაწეობა: სივრცის რეჟისურა და სცენოგრაფია

ალექსანდრა გაბუნია. 2026

    
 ავთო ვარაზი - ურბნისი. მუყაო, გუაში. 60X80. 1961წ.

ავთო ვარაზის შემოქმედებით ცხოვრებაში  მისი საგამოფენო და მუზეოლოგიური  მოღვაწეობა  ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია. წლების განმავლობაში მხატვარი ინტენსიურად ქმნიდა საექსპოზიციო გარემოსა და საგამოფენო დარბაზების დიზაინს. სწორედ ამ ნოვატორული საქმიანობით წარსდგა იგი პირველად პროფესიული საზოგადოების წინაშე.

თვითმხილველთა რეცეფციაზე, შემორჩენილ ესკიზებსა და საარქივო ფოტოებზე დაყრდნობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვარაზმა თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანა საექსპოზიციო ხელოვნება საქართველოში. მანამდე არსებული მშრალი, ქრონოლოგიურ-მეცნიერული და კატალოგური პრინციპით ექსპონატთა განლაგების ნაცვლად, მან სამუზეუმო სივრცე ცოცხალ, სცენოგრაფიულად გააზრებულ გარემოდ გარდასახა, სადაც დრამატურგიულ მაორგანიზებელ ელემენტებად ქრომატული პალიტრა, მართული სინათლე, გრაფიკული რიტმი და აკუსტიკური განზომილებაც კი

ავთო ვარაზი. ფოტო, 1958–1961 წლები. ფოტო მანანა ხვთისიაშვილის პირადი არქივიდან

აკადემიური პლატფორმა და შემოქმედებითი ფორმირება

ავთო ვარაზის  როგორც სივრცის უბადლო რეჟისორის წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მისმა ინტერდისციპლინურმა აკადემიურმა განათლებამ. 1943–1948 წლებში იგი თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა. აქ მიღებულმა ცოდნამ საფუძველი ჩაუყარა მის მიერ სივრცის ზუსტ გეომეტრიულსა და სტრუქტურულ აღქმას.

არქიტექტურული ფაკულტეტის დასრულებისთანავე, 1948 წლიდან, იგი ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში აგრძელებს სწავლას, სადაც ქართული ხელოვნებათმცოდნეობის სკოლის ფუძემდებლის - გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით იღრმავებს ცოდნას. იმავდროულად, იგი დეტალურად ეცნობა მოსკოვისა და ლენინგრადის წამყვან მუზეუმებს, რაც კიდევ უფრო აფართოებს მისი თეორიული და მუზეოლოგიური ხედვის ჰოროზონტს.

ავთო ვარაზი (წინა პლანზე), სიმონ კინწურაშვილი, მერი კარბელაშვილი, ვახტანგ ბერიძე, ნოდარ ჯანბერიძე. 1965 წლის 1 აპრილი. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი. ფოტო სიმონ კინწურაშვილის პირადი არქივიდან

სამხატვრო ცოდნის გაღრმავება და გავლენები

ასპირანტურაში სწავლის პარალელურად  ვარაზი აქტიურად ესწრებოდა აკადემიურ სესიებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც ახალგაზრდა ხელოვანმა სერგო ქობულაძის ყურადღება მიიპყრო. სწორედ ამ წლებში გაიზარდა მისი ინტერესი ფერწერის ტექნოლოგიისა და მატერიალური სპეციფიკისადმი, ხოლო მისი ადრეული შემოქმედება უშუალოდ ძველი ოსტატების კლასიკური მემკვიდრეობით იყო შთაგონებული.

მისი  როგორც ფერმწერის  ინდივიდუალური სტილის  ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვთან პროფესიულმა და მეგობრულმა ურთიერთობამ. ამავე პერიოდში ვარაზი მჭიდროდ უკავშირდება ლადო გუდიაშვილს და ხშირად სტუმრობს  მის სახელოსნოს. ხოლო პარალელურად ინტენსიურად  იკვლევს დავით კაკაბაძის მოდერნისტულსა და სტრუქტურულ ძიებებს.


     ავთო ვარაზი -  წითელსახურავიანი სახლი (ეტიუდი). მუყაო, ზეთი. 25X32. 1957წ.

გარღვევა მუზეოლოგიაში - სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ექსპოზიცია (1958–1961 წწ.)

მხატვრის პირველი მასშტაბური მუზეოლოგიური აღიარება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს უკავშირდება, სადაც მან 1958-1961 წლებში როგორც ექსპოზიციონერმა შექმნა არქეოლოგიური და ფეოდალიზმის ეპოქის არტეფაქტთა  იმ დროისათვის სრულიად ახლებური და უჩვეულო ექსპოზიცია. განსაკუთრებით გარდამტეხი აღმოჩნდა 1961 წლის პროექტი, რომლის სივრცით კონცეფციასა და არქიტექტონიკაზე მხატვარი ოთხი თვის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა.

ვარაზმა შეიმუშავა არქეოლოგიური მასალის  ექსპონირების სრულიად ორიგინალური, თანამედროვე მეთოდოლოგია. მან თავად შექმნა საგამოფენო პლაკატები და საინფორმაციო გრაფიკა, რითაც საგამოფენო დარბაზებს ერთიანი ვიზუალური იდენტობა შესძინა. გამოფენის კონცეფცია იმდენად რადიკალური და თამამი იყო, რომ გამოჩენილი მკვლევარი ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილი მას ასე ახასიათებდა:

„სრულიად ახალი სახის შესანიშნავი გამოფენა, რომლის ყოველი სტენდი და ვიტრინა, ერთსა და იმავე დროს სავსებით დასრულებული მხატვრული ნაწარმოებიც არის და მთლიანობის განუყრელი ნაწილიც...“

ფერი და სინათლე  დრამატურგიის არსებითი ელემენტები

საგამოფენო კონცეფციის ძირითადი სიახლე ის იყო, რომ წამყვანი როლი ფერსა და სინათლეს დაეკისრა უნიკალური არტეფაქტები სხვადასხვა ფერადოვანი აქცენტისა და მიზანმიმართული  ლოკალური განათების მეშვეობით გამოიყო საერთო საგამოფენო სივრციდან.

ქრომატული ტონალობები ისე ოსტატურად შეირჩა, რომ ათასწლეულების წინანდელი არტეფაქტები სრულიად ახლებურ, ეფექტურ რაკურსში წარმოჩნდა. ამგვარმა მიდგომამ მაყურებელს გაუადვილა ექსპონატების არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ კოგნიტური და ისტორიული აღქმაც - ექსპონატი  აღარ იყო მკვდარი მასალა შუშის მიღმა. იგი თანადროული ეპოქის ცოცხალ კონტექსტს  ყვებოდა.  ამ მასშტაბურ მიღწევას გამოფენის გახსნის დღეს გაზეთი „თბილისიც“ შეეხმიანა:

„მუზეუმის არქეოლოგიურმა განყოფილებამ ახალი სახით წარმოადგინა თავისი მდიდარი საგანძური. ეს არის პირველი ცდა ჩვენში ასე ფართოდ იქნას გამოყენებული მხატვრობა სამუზეუმო არტეფაქტების პრეზენტაციაში. არქეოლოგიური ნივთების ჩვენების ეს მეთოდი პირველად იქნა გამოყენებული ჩვენს ქვეყანაში“.

1960 წლის საგამოფენო ესკიზების კონცეპტუალური ანალიზი

მხატვრის მიერ 1960 წელს შესრულებული ექვსი ორიგინალური ესკიზი უმნიშვნელოვანესი თეორიული მასალაა. იმის გასაგებად, თუ როგორ გეგმავდა ვარაზი საგამოფენო გარემოს კომპოზიციურსა და სტრუქტურულ ერთიანობას.მან ესკიზი სამ ლოგიკურ ჯგუფად დაყო:

ა) მონუმენტური გარემო და სიღრმის ილუზია

ვიტრინების ინტეგრაცია და არქიტექტურული ფორმა: ვარაზი უარს ამბობს სტანდარტულ, იატაკზე დასადგმელ მაღალ ყუთ-ვიტრინებზე, რომლებიც სივრცეს ამძიმებს. ნაცვლად ამისა, იგი იყენებს დაბალ, ჰორიზონტალურად გაშლილ კონსტრუქციებს, რომლებიც იატაკის დონიდან მინიმალურ სიმაღლეზე თავსდება. იგი იყენებს ღრმა, მდიდარ ხავსისფერ-ზურმუხტისფერ ტონს კედლისთვის, რომლის ფაქტურული, თითქოს ვიბრირებადი მონასმები ქმნის პირველყოფილი ბუნებრივი გარემოსა და არქაული მისტიკის ილუზიას. ვიტრინების შიდა სივრცე თბილი, ოქროსფერი განათებითაა მონიშნული. ეს მკვეთრი კონტრასტი კედლის ცივ მწვანესა და ვიტრინის შიდა ნათებას შორის დამთვალიერებლის ფსიქოლოგიურ აღქმაზეა გათვლილი: დაბლა, იატაკის დონეზე გამოფენილი ექსპონატები მნახველში იდუმალ, უშუალოდ მიწისქვეშა საგანძურისა თუ არქეოლოგიური გათხრებისას ახალაღმომჩენლის გრძნობას ბადებს.

        ავთო ვარაზი - ესკიზი არქეოლოგიური გამოფენის ექსპოზიციისთვის. 1960 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი

კედლის ტრანსფორმაცია და საექსპოზიციო დინამიკა: მხატვარს პალეოლითური ხანის გამოქვაბულის კედლის მხატვრობის სტილიზაცია (ირმებისა და პრეისტორიული ხარების მონუმენტური სილუეტები) უშუალოდ საგამოფენო კედლის ფაქტურაზე გადააქვს. ვარაზი აბსოლუტურად ანგრევს კლასიკური მუზეუმის ორთოდოქსულ პრინციპს - კედელი აქ აღარაა ნეიტრალური პლატფორმა. ის თავად  ხდება ძალზე  ორგანული საინფორმაციო და მხატვრული მდგენელი, რომლის საშუალებით  მნახველი ხდება  თანაზიარი პირველყოფილი, ექსპრესიული ატმოსფეროსი.  საგამოფენო სივრცის არქიტექტურა ორგანიზებლია ორი სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციით: მარცხენა კედელზე ვხედავთ კლდეში გამოკვეთილ  თაროებისებრ კონსოლებს, ხოლო ძირითად კედელთან - მინიმალისტურ, წაგრძელებულ ჰორიზონტალურ მაგიდა-ვიტრინებს თხელ, მაღალ საყრდენებზე. ეს კონსტრუქციული სიმსუბუქე გონივრულად აბალანსებს კედლის ფერწერის მონუმენტურ მასას. ნამუშევარი ცხადს ხდის ვარაზის უნარს, მხატვრული ილუზიონიზმისა და მკაცრი გეომეტრიული დიზაინის სინთეზით შექმნას სრულიად ახალი ტიპის, დრამატურგიულად დაგეგმარებული სამუზეუმო სივრცე.

       
ავთო ვარაზი - ესკიზი არქეოლოგიური გამოფენის ექსპოზიციისთვის. 1960 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი

ბ) რიტმი, სიმეტრია და ნივთის  როგორც პორტრეტის ესთეტიზაცია

გეომეტრიული კომპოზიცია და გრაფიკული ზონირება: ესკიზი ნაცრისფერ ფონზე მკაცრად ორგანიზებული, ორნამენტულ-გრაფიკული პანელია,  სადაც ვარაზი სივრცის ზონირების დახვეწილ მეთოდს მიმართავს. პანელის ზედა რეგისტრში გამოყოფილია მუქი ლურჯი/ნახშირისფერი ასიმეტრიული ლაქები: მარცხნივ მოცემულია არქაული, მონოქრომული ფრთოსანი არსების სტილიზებული გამოსახულება, ხოლო მის გვერდით -  წაგრძელებული, ვერტიკალური ხუთი არტეფაქტის რიტმული მწკრივი. კომპოზიციის შუა ნაწილში, უფრო ღია ნაცრისფერ ზოლზე ირიბად და  რიტმულად ჩამწკრივებულია მცირე ზომის კაჟის იარაღები. ხოლო ქვედა, მარჯვენა კუთხეში, თეთრ იზოლირებულ ფონზე, თაროზე განთავსებული ქვის ნივთებია აქცენტირებული. ესკიზის წინაპლანზე (ძირს) მონუმენტური, მუქი ლოდებია წარმოდგენილი. ეს კომპოზიცია ათვალსაჩინოებს,  თუ როგორ ახერხებს ვარაზი მცირე ზომის პირველყოფილ შრომის იარაღებსა და სხვა ნივთებს სწორი ფონური კონტრასტებითა და მკაცრი გეომეტრიული ტექტონიკური სტრუქტურით მონუმენტური სივრცითი წონა და მხატვრული ღირებულება შესძინოს.

         ავთო ვარაზი -  ესკიზი არქეოლოგიური გამოფენის ექსპოზიციისთვის. 1960 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი

არტეფაქტის აბსოლუტური სილუეტი და იერარქიული ექსპონირება: ნამუშევარი წარმოადგენს ღია, თეთრ, აბსოლუტურად სუფთა ფონზე ორგანიზებულ ვიზუალურ ესეს, სადაც ვარაზი მიმართავს კლასიკური მუზეოლოგიის რადიკალურ მინიმალიზაციას. კომპოზიციის წინაპლანზე, ქვედა ჰორიზონტალურ ხაზზე, გამოფენილია ხუთი სხვადასხვა ფორმის, ფერისა და ორნამენტიკის მქონე მონუმენტური არქეოლოგიური ჭურჭელი (მათ შორის ანტიკური, სპირალური და გეომეტრიული მოხატულობის ნიმუშები). კედლის ზედა სივრცე დათმობილი აქვს მცირე ზომის, ძვირფას ექსპონატებს, რომლებიც ზონირებულია მათი ტიპოლოგიის მიხედვით: მარცხნივ, ცალკე სიბრტყეზე აქცენტირებულია ოქროს საყურეების და ყელსაბამის კომპოზიცია, ცენტრში, ვიწრო ჰორიზონტალურ თაროზე - მცირე ზომის ფიალები, თასები და ბრინჯაოს მცირე პლასტიკის ნიმუშები, ხოლო მარჯვნივ - ვერტიკალურად ორიენტირებული ისრისპირები და არქაული ფიგურები. ვარაზი არ ტვირთავს გარემოს ზედმეტი დეკორატიული ელემენტებით; იგი ენდობა თავად ნივთის ფორმის სილუეტს, ხაზს უსვამს მასშტაბების კონტრასტს (დიდი ჭურჭელი ქვემოთ, მინიატურული პლასტიკა ზემოთ) და თითოეულ არტეფაქტს ანიჭებს ინდივიდუალურ, თითქმის საკრალურ ხასიათს.

      ავთო ვარაზი - ესკიზი არქეოლოგიური გამოფენის ექსპოზიციისთვის. 1960 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი

არქაული კოლორიტი და ქრომატული ზონირება: ამ ნამუშევარში ვარაზი სივრცის დრამატურგიას ქმნის ფონური ფაქტურის ატმოსფერული, თითქმის კინემატოგრაფიული დამუშავებით. თბილი, ტერაკოტისფერი, ჟანგისფერი და  ოქრას გრადაციებით დაფერილი კედელი ერთგვაროვანი კი არაა,  არამედ აკვარელური  რბილი ლაქებითაა შესრულებული, რაც პირდაპირ ასოცირდება  თიხისა და არქეოლოგიური კულტურული ფენების პირველყოფილ ბუნებასთან. სივრცის არქიტექტურული მთლიანობა აქ ეფუძნება ასიმეტრიულად გადანაწილებულ, სხვადასხვა დონეზე „მცურავ“ თაროებსა და ავტონომიურ პანელებს. ქვედა რეგისტრში თავმოყრილია არქაული შავპრიალა კერამიკის მონუმენტური მასები და ღია ფერის ლითონის ჭურჭელი, რაც კომპოზიციას მყარ კონსტრუქციულ საყრდენს უქმნის. საგამოფენო სივრცის ცენტრში მხატვარი მიმართავს ვიზუალური იზოლაციის გენიალურ ხერხს - მცირე ზომის ბრინჯაოს მასალასა და პინებს თაროზე განათავსებს და მათ გარშემო ცივ, ზურმუხტისფერ-მწვანე ქრომატულ აურას (ლოკალურ ფონს) ქმნის, რითაც ექსპონირებულ არტეფაქტებს კონტრასტულად აცოცხლებს. ზედა რეგისტრში კი, მუქ მართკუთხა ფილებზე, საზეიმოდაა   ექსპონირებული ვერტიკალურად ორიენტირებული შუბისპირები. შავი კერამიკის, მქრქალი ოქროსფერი აქცენტებისა და ტერაკოტის ეს სინთეზი დამთვალიერებლის ქვეცნობიერსა და არქეტიპულსა და  გენეტიკურ მეხსიერებაზე მოქმედებს, რითაც ვარაზი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს მნახველის ემოციაზე   და მისთვის მუზეუმში მოსვლას ერთგვარ რიტუალურ მოგზაურობად აქცევს.

      ავთო ვარაზი - ესკიზი არქეოლოგიური გამოფენის ექსპოზიციისთვის. 1960 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი

გ) სივრცის ერთიანი ხედვა

დარბაზის არქიტექტონიკა და სივრცით-შინაარსობრივი ვექტორები: შესრულებულია მონოქრომული სეპიის (ყავისფრის) ტონალობაში და წარმოაჩენს მთლიანი საგამოფენო სივრცის მისეულ პერსპექტიულ ხედვას. ვარაზის ეს ესკიზი ცხადს ხდის მისი  როგორც სივრცის რეჟისორის მიგნებას, სადაც არქიტექტურული გეგმარება და გრაფიკული დეკორი ერთიან სცენოგრაფიულ ქსოვილს ქმნის. საგამოფენო სივრცის პერიმეტრზე განლაგებული მაგიდა-ვიტრინების მკაცრი გეომეტრია და მარცხენა მხარეს შემოტანილი დამოუკიდებელი, ვერტიკალური საგამოფენო პანელი ოთახის კომპოზიციურ სტრუქტურას დინამიკურ რიტმს სძენს. ესკიზში იდეალურად ჩანს მინის ვიტრინების კონსტრუქციული სიმკაცრისა და კედლის დეკორატიული, ხაზოვანი ნახატების (მშვილდოსანი მონადირე, არქაული ცხოველები) სინთეზი. ვარაზი კედლის ზედაპირს იყენებს როგორც მასშტაბურ ილუსტრაციას, რომელიც ექსპონატებს კონტექსტუალურად აცოცხლებს. დარბაზის ორივე მხარეს მოცემული ღია გასასვლელები (კარები) მოწმობს, რომ მხატვარი არ მუშაობდა ფრაგმენტულად - იგი წინასწარ საზღვრავდა აქ შემოსული მნახველის გადაადგილების მთლიან ტრაექტორიას, მის შესაბამისად კი სინათლისა და ექსპონატების,ასე ვთქვათ, მონაცვლეობას, რითაც სამუზეუმო დარბაზი ერთიან, დრამატულ ვიზუალურ- შინაარსობრივ სივრცედ.

       ავთო ვარაზი - ესკიზი არქეოლოგიური გამოფენის ექსპოზიციისთვის. 1960 წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი

საერთაშორისო კონტექსტი: ევროპული პარალელები 

ავთო ვარაზის ნოვატორული ძიებები მჭიდროდ ეხმიანებოდა იმ ეპოქალურ მუზეოლოგიურ გარღვევებს, რომლებიც დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი იტალიაში მიმდინარეობდა. ვარაზის მიერ სამუზეუმო ექსპონატების „სცენოგრაფიული გაცოცხლება“ კონცეპტუალურ და სტრუქტურულ თანხვედრაშია ისეთი იტალიელი ოსტატების შემოქმედებასთან, როგორებიც იყვნენ ფრანკო ალბინი და კარლო სკარპა.

მუზეოლოგიური სინკრეტიზმი XX საუკუნის მეორე ნახევარში: დასავლური მოდელი და საბჭოთა ალტერნატივა

XX საუკუნის მეორე ნახევარში გლობალურ საექსპოზიციო ხელოვნებაში მიმდინარე გარდაქმნებმა საფუძველი ჩაუყარა ე.წ. მუზეოლოგიურ სინკრეტიზმს, რომლის ფარგლებშიც სამუზეუმო სივრცე საარქივო საცავიდან დინამიკურ, მხატვრულ-დრამატურგიულ გარემოდ გარდაიქმნა. ეს პროცესი ორ, თითქოს ურთიერთგამომრიცხავ, თუმცა იდეურ დონეზე თანხვედრილ პლატფორმად დაიყო:

დასავლური მოდელი (კარლო სკარპა და ფრანკო ალბინი): ეს მიმართულება ხასიათდებოდა აბსოლუტური ტექნოლოგიური და მატერიალური თავისუფლებით. იტალიელი ოსტატები ექსპოზიციის კონსტრუქციულ წყობას აგებდნენ ისეთი ძვირფასი და ინდუსტრიული მასალების გამოყენებით, როგორებიცაა მარმარილო, თითბერი და ფოლადი. მათ მიერ შემუშავებული მინიმალისტური, ჰაეროვანი დაკიდების კონსტრუქციები ექსპონატს სივრცეში ლივლივის შეგრძნებას ანიჭებდა და ათავისუფლებდა მას ტრადიციული საექსპოზიციო სიმძიმისგან.

აბჭოთა ალტერნატივა (ავთო ვარაზი): რკინის ფარდის მიღმა არსებული მკაცრი იდეოლოგიური ცენზურისა და უკიდურესი მატერიალური ასკეტიზმის პირობებში, ავთო ვარაზმა შექმნა სრულიად უნიკალური ალტერნატიული გზა. ინდუსტრიულ და ძვირფას მასალებზე ხელმისაწვდომობის არქონის გამო, მან აქცენტი ხელნაკეთ, ფაქტურულ ტილოებსა და ადგილობრივ ხეზე გადაიტანა. დასავლური საინჟინრო კონსტრუქციების ნაცვლად, ვარაზმა სივრცის რეჟისურა კედლის ფაქტურული ტრანსფორმაციით, ქრომატული აქცენტებითა და მიმართული, დრამატული სინათლით ააგო.

ეს შედარება ცხადყოფს, რომ მიუხედავად მკვეთრად განსხვავებული მატერიალურ-ეკონომიკური რეალობისა, ვარაზის მეთოდოლოგია იდეურად აბსოლუტურ თანხვედრაში იყო იტალიური მუზეოლოგიის ავანგარდთან - მან შეზღუდული რესურსები კონცეპტუალურ უპირატესობად აქცია და ქართულ საგამოფენო ხელოვნებას მსოფლიო დონის ჟღერადობა მიანიჭა.

ფრანკო ალბინი - თხელი, ვერტიკალური საყრდენები და სივრცის სცენოგრაფიული დაყოფა. Source: Touring Club Italiano / Touring Club Italiano/Universal Images Group via Getty Images

ყოველგვარი სტანდარტიდან გაქცევა: 70-იანი წლების  საგანძურის ლეგენდარული ექსპოზიცია

XX საუკუნის 70-იან წლებში სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მოეწყო არქეოლოგიური საგანძურის ლეგენდარული გამოფენა, რომლის კონცეფციაზეც კვლავ ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილმა და ავთო ვარაზმა იმუშავეს.

ვარაზის მიერ შემოთავაზებული სივრცითი გადაწყვეტა იყო სრული გაქცევა საბჭოთა, უნიფიცირებული სტანდარტებიდან. მაშინ, როდესაც სახელმწიფო საწარმოები უშვებდნენ მხოლოდ ტირაჟირებულ, მორუხო-მოყავისფრო საექსპოზიციო ქსოვილებს, ვარაზმა გამოფენის ფონისთვის განკუთვნილი ტილო ხელით  აბსტრაქტულად მოხატა. არქეოლოგი ერეკლე ქორიძე ასე იხსენებს ამ პროცესს:

„მაშინ ყველაფერი სტანდარტული გახლდათ... ვარაზმა კი საგამოფენო მოწყობისთვის ტილო სპეციალურად მოხატა. მახსოვს, როგორ აზავებდა ფერებს მოლბერტზე და როგორ სვამდა ტილოზე ფონისთვის.“

ამ უხეში, ხელოვნურად ტექსტურირებული ტილოს ფონზე,  ხის მასიურ,   შემინულ ვიტრინებში განლაგებული ექსპონატები სრულიად განსხვავებული ვიზუალური ჟღერადობით წარმოჩნდა. ავტორებმა გარემო მაქსიმალურად გააცოცხლეს: მუზეუმში ორიგინალის სახით (და არა მულაჟით) დაიდგა პირდაპირ არქეოლოგიური გათხრებიდან მოჭრილი მტკვარ-არაქსის კულტურის პერიოდის ნაგებობის ფრაგმენტი კერითა და თიხის ჭურჭლით. ამგვარმა თამამმა საექსპოზიციო სიახლემ გამოფენა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო მოვლენად აქცია.

მულტიმედიური სენსორული სინთეზი და იდეოლოგიური პროტესტი: რუსთაველის საიუბილეო გამოფენა

ავთო ვარაზის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ყველაზე თამამ პოლიტიკურ-მხატვრულ აქტად იქცა შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეაში.

აქ ვარაზმა გამოიყენა თავისი დროისთვის აბსოლუტურად ავანგარდული მეთოდი - მულტიმედიური სენსორული სინთეზი. მან საგამოფენო სივრცეში ვიზუალური რიგის პარალელურად შემოიტანა აუდიოფონი და დარბაზებში ძველი ქართული საგალობლები ააჟღერა.

საბჭოთა რეალობაში, სადაც ოფიციალური სახელმწიფო იდეოლოგია მკაცრად მოითხოვდა ათეისტური და „ინტერნაციონალური“ ნარატივების გატარებას, რელიგიური და ავთენტური ეროვნული მუსიკის ჩართვა სამუზეუმო სივრცეში პირდაპირი კონცეპტუალური პროტესტი იყო. ფერწერული ფორმებისა და საეკლესიო მუსიკალური მემკვიდრეობის სინთეზით  ვარაზმა შექმნა ღრმად ეროვნული, ანტისაბჭოთა კონტექსტი. მან გამოფენა ოფიციალური საიუბილეო ღონისძიებიდან ქართული იდენტობისა და სულიერი წინააღმდეგობის მანიფესტად აქცია.

რუსთაველის გამოფენის ვიზუალური რიტორიკა

შემორჩენილი საარქივო ფოტომასალა ნათლად ადასტურებს ვარაზის  როგორც საგამოფენო სივრცის რეჟისორის  გენიას. ეს ფოტოკადრები ასახავს მხატვრის მიერ კონსტრუირებულ ცოცხალ, დრამატურგიულად ორგანიზებულ გარემოს, სადაც სინათლე და ჩრდილი მთავარ მაორგანიზებელ კომპონენტებად გვევლინება.

    შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა

ერთ-ერთ ფოტოკადრში, სადაც წარმოდგენილია თამარ მეფის ვარძიის ფრესკის მონუმენტური პირი და მის გვერდით შოთა რუსთაველის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკული პორტრეტი, ვარაზის კონცეფცია ღრმა იდეოლოგიურ განზომილებას იძენს. ჭერზე განთავსებული მიმართული პროჟექტორები ქმნის სინათლის მკვეთრ კონუსებს, რომლებიც ამ საკრალურ გამოსახულებებს ბინდბუნდოვანი დარბაზიდან ამოზრდილად წარმოაჩენს.

ძველი ქართული საგალობლების ახმიანება სწორედ ასეთი მკვეთრი, თითქმის მისტიკური განათების ფონზე  მნახველში არა უბრალოდ ვიზუალურ, არამედ კოგნიტურსა და ემოციურ გრძნობებს აღძრავდა.   სინათლის ეს რეჟისურა აძლიერებდა ისტორიული იდენტობისა და სულიერი პროტესტის შეგრძნებას. კედლები აქ მონუმენტური, მყუდრო ფონი იყო, რომლებიც არ ეცილებოდნენ ექსპონატებს ყურადღებაში, არამედ წინა პლანზე გამოტანილი ამ ექსპონატების ფორმასა და შინაარსს უსვამდა ხაზს.

       შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა

სხვა ფოტოზე, რომელიც საგამოფენო სივრცის უფრო ფართო პერსპექტივას წარმოგვიდგენს, თვალსაჩინოა ვარაზის მინიმალისტური დიზაინი. დარბაზის ცენტრში განთავსებული უხეში, მკაცრი გეომეტრიული ფორმის ხის მაგიდა-ვიტრინა და სკამი კედელში ინტეგრირებულ საინფორმაციო ბლოკთან ერთად  გამოკვეთს არტეფაქტის  როგორც აბსოლუტური სილუეტის ესთეტიზაციას.

ეს მიდგომა პირდაპირ ეხმიანება ვარაზის 1961 წლის არქეოლოგიურ ესკიზებში გაცხადებულ პრინციპებს, სადაც ნივთები იზოლირებულად, მკაცრად რიტმულადაა წარმოდგენილი. ვარაზი სივრცეს არა უბრალოდ აფორმებს, არამედ მის შინაარსობრივად მართავს, რათა მნახველის მოძრაობის ტრაექტორია ერთიან, დრამატურგიულ მოგზაურობად გარდაქმნას.

მუზეუმების ქსელი და სივრცული მემკვიდრეობა

არქეოლოგიური გამოფენისა და სურათების გალერეის საექსპოზიციო წარმატების შემდეგ ავთო ვარაზი საბოლოოდ იქნა აღიარებული ინტერიერისა და თემატური გამოფენების საუკეთესო ოსტატად. მან საკუთარი უნიკალური, ფერზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით გააფორმა კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კულტურული კერა:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი - მშრალი ტექსტუალური და დოკუმენტური მასალა მაღალმხატვრულ საგამოფენო გარემოდ იქცა.

იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმი და გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი - იდეალურად შეინარჩუნა მემორიალურობა და ავთენტურობა, თუმცა, ამავდროულად, შემოიტანა თანამედროვე სივრცითი აქცენტები.

ავთო ვარაზი როგორც საგამოფენო სივრცის რეჟისორი  მნიშვნელოვნად უსწრებდა თავის ეპოქას. მისი ნოვატორული ხედვები :  კედლის ფაქტურის ტრანსფორმაცია, ქრომატული და ლოკალური ზონირება, მულტიმედიური სენსორული სინთეზი და აკუსტიკური თუ დრამატურგიული ფონის გამოყენება   სცილდებოდა რიგითი დეკორატიული დიზაინის ჩარჩოებს. იგი საგამოფენო პრეზენტაციას განიხილავდა როგორც ერთიან, სინკრეტულ მხატვრულ ორგანიზმს, სადაც არტეფაქტი შინაარსობრივი აქცენტების თანამონაწილედაა მოაზრებული.

თამამი იდეოლოგიური კონტექსტების შემოტანითა და კლასიკური სამუზეუმო სტანდარტის მსხვრევით ვარაზმა საფუძველი ჩაუყარა ექსპოზიციის სცენოგრაფიულ გააზრებას საქართველოში. მისი მემკვიდრეობა დღეს თანამედროვე მუზეოლოგიისა და კურატორული პრაქტიკის ფუნდამენტური სტანდარტია, რაც მის შემოქმედებით ფენომენს კიდევ უფრო აქტუალურსა და რელევანტურს ხდის XXI  საუკუნეში.

 

ავთო ვარაზი (1926–1977) Avto Varazi

  ავთო ვარაზი (1926–1977) ავთო ვარაზი ქართველი ნონკონფორმისტი მხატვარია, რომლის მხატვრული პრაქტიკა კოლაჟის, ასამბლაჟის, ფერწერისა და გრაფი...